"სექტემბერიც ცხელი გველოდება, შემოდგომა - თბილი" - როდემდე გასტანს ცხელი სეზონი და როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში | Allnews.Ge

"სექტემბერიც ცხელი გველოდება, შემოდგომა - თბილი" - როდემდე გასტანს ცხელი სეზონი და როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში

ძალიან ცხელი ზაფხულის შემდეგ, ბუნებრივია, ყველას აწუხებს კითხვა, როგორი იქნება სექტემბერი. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე ესაუბრა.

- ჩვენ პროგნოზირებული გვქონდა ცხელი ზაფხული, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო წყნარ ოკეანეში მიმდინარე მოვლენასთან. ე.წ. ელ-ნინიოსთან. ელ-ნინიო წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც ოკეანის წყლის ზედაპირის ტემპერატურა იმატებს. ელ-ნინიო მაისში გაჩნდა, აქტიურ ფაზაში კი აგვისტოს დამდეგს გადავიდა. მისთვის დამახასიათებელია თბური ტალღები, რომელთა დროს შესაძლოა რომელიმე რეგიონში მაქსიმალური ტემპერატურები დაფიქსირდეს, მრავალწლიურ მაქსიმუმს გადააჭარბოს; ან შეიძლება ასე არ მოხდეს, მაგრამ ცხელი პერიოდი დიდხანს გაგრძელდეს.

- ჩვენს შემთხვევაში რა მოხდა?

- ჩვენს შემთხვევაში ჯერ არც რეკორდი მოხსნილა და არც განმეორებულა რეკორდული ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში. თბილისისთვის მაქსიმალური ტემპერატურა, კლიმატური მონაცემით, არის 40,5 გრადუსი, რომელიც არ განმეორებულა, თუმცა მაღალი ტემპერატურების პერიოდი ამდენი ხნით რომ გაგრძელდა, უჩვეულოა. დედამიწაზე კლიმატის ცვლილება უმატეს რეგიონებში ტემპერატურის მომატებას იწვევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეა აბსოლუტურად ყველგან, ზოგან შეიძლება დაიკლოს. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულია ტემპერატურის მატება დაახლოებით 0.5- 0.6 გრადუსით კლიმატურ მონაცემთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსითაა მომატებული. ზუსტად ამ ცვლილებასთანაცაა დაკავშირებული ის, რომ ბოლო წლებში ზაფხული ნორმასთან შედარებით ცხელია. იგივე ითქმის ზამთარზეც. ბოლო წლებში ზამთარი ნორმაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. თბილისში, 90-იანებში, თოვლი არავის უკვირდა, ახლა იშვიათობაა. ესეც კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

- მომდევნო ზაფხული როგორი იქნება?

- გამიჭირდება პროგნოზირება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უფრო დათბობისკენ მიდის ტენდენცია, არ არის გამორიცხული, რომ ისევ ცხელი ზაფხული დადგეს. თვეების მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, წლევანდელი სექტემბერიც ცხელი იქნება.

- კიდევ რით განსხვავდება წლევანდელი ზაფხული გასული ზაფხულებისგან?

- ადრე თუ მაქსიმალური ტემპერატურა ძირითადად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე გრძელდებოდა, ახლა ცოტა წინ წაიწია. დაახლოებით აგვისტოს დასაწყისიდან ან ცოტა მერეც იწყება სიცხეები და გრძელდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე.

ადრე ვამბობდით ხოლმე, რომ საქართველოში ამინდის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანეში მიმდინარე პროცესები, ახლა უფრო მასშტაბურად განიხილავენ. მთლიანად ოკეანეებში მიმდინარე პროცესები ახდენს გავლენას ატმოსფეროზე, მერე კი ატმოსფეროს ცირკულაცია გავლენას ახდენს სხვადასხვა ქვეყანაზეც.

- წელს რომ არნახული სიცხეები იყო ევროპაში, დამნაშავე ელ-ნინიოა?

- კი ბატონო. კლიმატის ცვლილება ადამიანის არასწორმა ქმედებამაც განაპირობა. ამას თან ერთვოდა წყნარ ოკეანეში მიმდინარე პროცესები.

- ელ-ნინიო რამდენ ხანს გაგრძელდება?

- შესაძლოა ნახევრიდან 1 წლის განმავლობაში გაგრძელდეს, შესაძლოა უფრო მეტხანსაც. წინასწარ ვერ ვიტყვით. მხოლოდ ამასთან რომ იყოს კავშირში, ვიტყოდით, რომ ზამთარი შეიძლება უჩვეულოდ თბილი იყოს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში რა პროცესები იქნება აქტიური.

ასე რომ, სექტემბერიც ცხელი გვექნება, შემოდგომა - თბილი. შემოდგომის ბოლოს შევძლებთ უკვე ვისაუბროთ, თუ როგორი ზამთარი გველის.

იხილეთ სრულად

myquiz