რა ცვლილება ამოქმედდა და რას მოიცავს დაგროვებით საპენსიო სისტემაში დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები?
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ახალი ცვლილებები ამოქმედდა. 2023 წლის 7 აგვისტოდან დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ, რა რისკიანობის პორტფელში დაბანდდება მათი დანაზოგები. კერძოდ, თუ აქამდე მხოლოდ დაბალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელი არსებობდა, ახლა უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატა.
დღევანდელი კანონით მოხდა სქემაში ჩართული პირების ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდნენ საინვესტიციო პორტფელებში. ამის შემდეგ მათ ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), რომ აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი.
კანონის მიხედვით, 40 წლამდე ასაკის მონაწილეები მოხვდნენ მაღალრისკიანი პორტფელში, 40-დან 50-წლამდე საშუალო რისკიანში, ხოლო 50 წელს ზევით მონაწილეები - ნაკლებად რისკიან პორტფელში (ანუ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, რომელიც გვაქვს).
როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე რამდენიმე დღის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობდა, „შემდეგ უკვე მონაწილეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ან დარჩნენ არსებულ საინვესტიციო პორტფელში, სადაც მოხდა მათი გადანაწილება ასაკობრივი ზღვრიდან გამომდინარე, ან აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი. არჩევის შემდეგ, იქნება 12-თვიანი ვადა (ეს იქნება ჩაკეტილი პერიოდი), ამის შემდეგ შეგიძლია სხვა არჩევანი გააკეთო. ეს 12 -თვიანი ჩაკეტილი პერიოდი იმისთვის არის საჭირო, რომ ჩვენ აქეთა მხარემ, მონაწილეები გადავიყვანოთ სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელში და მათ სახელზე არსებული დანაზოგიც გადავანაწილოთ შესაბამის პორტფელებში“.
რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, მელიქიძის თქმით, ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი მოიაზრებს შედარებით ნაკლებ ინვესტიციებს გლობალურ აქციებში, საშუალო და მაღალ რისკიანი საინვესტიციო პორტფელები მოიაზრებს, უფრო მეტ ინვესტიციებს. აქციები თავის თავში არის უფრო რისკიანი საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის ფასში უფრო მეტად მოძრაობს და გრძელვადიანად უფრო მეტი მოგების პერსპექტივა აქვს, მაგრამ კონკრეტულ პერიოდში შეიძლება მნიშვნელოვანი ფასის ცვალებადობა განიცადოს. მაგალითად, საშუალო რისკიან პორტფელში, აქციების ალოკაცია არის 40%-მდე, მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელში მინიმუმ 40%, მაქსიმუმ 60%-მდე. ნაკლებად რისკიანში ეს არის მხოლოდ 20%“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
რაც მოიცავს დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაგროვებითი საპენსიო სისტემაში მოქალაქეების ჩართვა, მათი ასაკის მიხედვით, ავტომატურად 3 პორტფელში მოხდება - დაბალი საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში. როგორ გადანაწილდება თითოეულ ჯგუფში აქტივების ძირითადი ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი (40-წლამდე ასაკის მოქალაქეები) - მზარდ ანუ მაღალრისკიან პორტფელში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება ხორციელდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ, აქციების მაქსიმალური ლიმიტი 60%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია. შესაბამისად, მაღალრისკიან პორტფელში შემცირებულია სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა 50%-მდე და ფულადი სახსრები და დეპოზიტების წილი 25%-მდე.
შერეული ანუ საშუალორისკიანი პორტფელი - (40-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები) საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებად რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელის ნაზავია. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კრძოდ აქციების მაქსიმალური ლიმიტი 40%-ია, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში 60%-ია. სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა კანონით 75%-ითაა განსაზღვრული, ხოლო ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების მაქსიმალური წილი კი 50%-ია.
სტაბილური ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი (50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები) - "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ პორტფელში განთავსებული დაგროვებული დანაზოგები ძირითადად ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები, ხოლო უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე. ვინაიდან ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9.4%-ი იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა და ინფლაციასთან მიმართებით 10.13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა (რეალური ამონაგები), ხოლო წლიურად საშუალოდ 2.17%-ით მეტი.