რატომ არ შეიძლება კონდიციონერის ცივი ნაკადის ქვეშ დაძინება ან დიდი ხნით ყოფნა? | Allnews.Ge

რატომ არ შეიძლება კონდიციონერის ცივი ნაკადის ქვეშ დაძინება ან დიდი ხნით ყოფნა?

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" კონდიციონერის გამოყენების წესებზე საუბრობს, რომ მან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა არ შეგვიქმნას:

- კონდიციონერის გამოყენებისას, ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, თუ ტემპერატურა, რომელზეც ჩართული გვაქვს, 22-დან 24 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. გარდა ამისა, ტემპერატურების სხვაობა ოთახსა და გარემოს შორის 5-7 გრადუსზე მეტი არ უნდა იყოს, რომ მკვეთრი კონტრასტი არ შეიქმნას. თუ გარედან შედიხართ და სახლში დაბალი ტემპერატურაა, ეს შესაძლოა, თქვენს სხეულზე ცუდად აისახოს. ასევე, პირიქით, თუ დაბალი ტემპერატურის ოთახიდან უცებ ცხელ ეზოში გადიხართ, შესაძლოა, ამანაც დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ამიტომ, სხვაობა 5-7 გრადუსი უნდა იყოს.

ასევე, კონდიციონერი აბსოლუტურად გამართული და გაწმენდილი უნდა იყოს. გარდა ამისა, კონდიციონერის ჭავლის ქვეშ არ უნდა დაიძინოთ. ბევრი ადამიანისათვისაა ეს მავნე ჩვევა, ჩართავს, ჰაერის ნაკადს საწოლისკენ მიმართავს და იქვე დაწვება ხოლმე. მეორე დღეს რომ გაიღვიძებს, კუნთები სტკივა.

ჰაერის ნაკადი დღის სხვა მონაკვეთებშიც კი, სახის, გულ-მკერდის, ზურგის არეში მიმართული არ უნდა იყოს. თუ კონდიციონერს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე დააყენებთ და მის ნაკადს სახისკენ მიმართავთ, ამან შესაძლოა, უკვე არსებული წიაღების ანთება, ანუ სინუსიტი გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა, გამოგიშროთ თვალები. შაკიკი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და როცა კონდიციონერის ჰაერის ნაკადის პირობებში ვართ, ამან შეიძლება მარტივად გაამწვაოს.

თუ ადამიანს ბრონქული ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს, კონდიციონერს შეუძლია, ხველის პროვოცირება და მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს სამწვერა ნერვის ანთება აწუხებს. ანთების გამწვავებაც შეიძლება უკავშირდებოდეს იმ ცივი ჰაერის ნაკადს, რომელიც სახისკენაა მიმართული. ასევე, მას შეუძლია, ფარინგიტი და სხვადასხვა დარღვევა გამოიწვიოს. იხილეთ სრულად

myquiz