რა საფრთხე ემუქრება ბაზალეთის ტბას: სპეციალისტების საგანგაშო პროგნოზი
"სანაპირო უდაბნოს დაემსგავსა, გაქრა სამკურნალო ტალახები და თიხანარევი პლანქტონი უამრავი მკვდარი თევზებით არის სავსე. რამდენიმე სოფლის საქონელის საყარია ყველგან. ანტისანიტარიაა, არ არის ელემენტალური ხელსაბანი, ტბა კვდება" - ეს კომენტრი რეჟისორისა და დოკუმენტალისტის ლაშა კოტრიკაძის პოსტს მოყვა, რომელმაც სოციალურ ქსელში ბაზალეთის ტბის შესახებ დაწერა და დიდი აღშფოთება გამოიწვია....
ლაშა კოტრიკაძე:
- სერიოზული საფრთხე ემუქრება ბაზალეთის ტბას და აი აქ უნდა მთელი ძალისხმევა! ბაზალეთი კატასტროფული სისწრაფით შრება, რაღაც უნდა ვიღონოთ, რამოდენიმე მეტრით წყლის დონე ყოველწლიურად იკლებს, ვისაც ახსოვს ბაზალეთი, ვეღარ იცნობთ, იქტიოფაუნა თითქმის განადგურდა, აღარაა კობრი, თეთრი ამური, ტბას შერჩა სარეველა თევზები, კარჩხანა, თეთრულა და ბოლოდროს შეშვებული ქორჭილა და ქარიყლაპია... ბაზალეთის დაშრობას რამოდენიმე მიზეზი აქვს, ტბა მიწისქვეშა და ჩანადენი წყლებით ივსება, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ძალიან დაიკლო ჩანადენმა წყალმა, რაც შეეხება მიწისქვეშა წყლებს, უამრავი ჭაბურღილი დასცეს ტბის გარშემო კერძო აგარაკებზე, დიდი სისწრაფით იყიდება შემოგარენში მიწები და შესაბამისად ჭაბურღილებიც მატულობს. ეს კი მიწისქვეშა წყალს აკლებს ტბას, მოკლედ დიდი პრობლემაა, მშენებლობას და მიწის ყიდვას ვერავის დაუშლის კაცი, მაგრამ ტბა იღუპება, ბაზალეთი არაა რაღაც ხელოვნური ტბორი, რომელიც თუ გაქრება არანაირ უბედურებას არ წარმოადგენს! ესაა ულამაზესი ბუნებრივი ტბა, რომელსაც დიდი ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვს საქართველოსთვის, ასე რომ, საკითხი შესასწავლია და ზომები მისაღები, თანაც სასწრაფოდ!
ადგილობრივი, მხატვარი, ციხე-კოშკ "ოქროს აკვანის" მფლობელი - დავით ქაფიაშვილი...
- წყალმა 40 მეტრით დაიწია. ჭაბურღილების ინტენსიური ბურღვები მიმდინარეობს, დონორი წყაროები გაქრა. ჩამდინარე წყლები დაიწრიტა, სანაპირო უდაბნოს დაემსგავსა, გაქრა სამკურნალო ტალახები და თიხანარევი პლანქტონი უამრავი მკვდარი თევზებით არის სავსე. რამდენიმე სოფლის საქონელის საყარია ყველგან. ანტისანიტარიაა, არ არის ტუალეტი და ელემენტალური ხელსაბანი, ტბა კვდება..
მწვანეთა მოძრაობის თავჯდომარე ნინო ჩხობაძე:
- დიახ, ასეთი მწვავე სიტუაციაა და მეტსაც გეტყვით: პარალელურად ეს ტბა ბინძურდება, რადგან ძალიან ბევრი კერძო ფერმებია გახსნილი. ეს ნარეცხი წყალი მთლიანად ბაზალეთის ტბაში ჩადის. ის ბიოლოგიური ფენა ჩადის, რომელიც მწვანე ფენას აღვივებს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა...ბაზალეთის ტბას ასე არ ეშველება, გზა უნდა მოვძებნოთ, საიდან შეიძლება შევავსოთ.
- ჭაბურღილები მართლა ქმნის საფრთხეს?
- დიახ, რა თქმა უნდა! აგარაკები ძალიან ახლოს არის. ის, საიდანაც რეალურად ბაზალეთის ტბა მარაგდებოდა, პრაქტიკულად ქრება, საკმარისი აღარ არის... როგორც მოგახსენეთ, გამოსავალი მხოლოდ ის არის, გზა ვიპოვნოთ, საიდანაც წყალს შევუშვებთ.
- ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე არ დამდგარა, პრობლემა რომ გადაიჭრას...
- შარშან წამოვწიეთ ეს საკითხი... ჯერჯერობით წყლის შესახებ კანონს ველოდებოდით, შემდეგ ამ ყველაფერს სპეციალური პროგრამა ჭირდება. ჯერჯერობით შესწავალაც კი არ დაწყებულა. ერთია ვარაუდი, მაგრამ მეორეა ოფიციალური შეფასება რომ უნდა გაკეთდეს. იხილეთ სრულად