ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც თბილისის ცენტრში დაჭრეს და რას უკავშირდება დანაშაული?
თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25 ივლისს მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობილი ხდება, რომ დაჭრილი 38 წლის ბიზნესმენი, ტატო გურგენიძეა. მას ტყვია ფეხის არეში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება.
გურგენიძე სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. "კურიერის" ინფორმაციით, დაჭრისას ტატო გურგენიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი პარტნიორი კომპანიის თანამფლობელი გიორგი ახობაძეც, თუმცა სროლა მესამე პირის მხრიდან განხორციელდა.
შსს-ს ცნობით, დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.