რამდენი ავარიული სახლია სულ თბილისში? - ჩანაცვლების თაობაზე შეთანხმება 13 ამხანაგობასთანაა მიღწეული, 2 ლოკაციაზე კი დემონტაჟი უკვე დაიწყო | Allnews.Ge

რამდენი ავარიული სახლია სულ თბილისში? - ჩანაცვლების თაობაზე შეთანხმება 13 ამხანაგობასთანაა მიღწეული, 2 ლოკაციაზე კი დემონტაჟი უკვე დაიწყო

თბილისში 10 ათასი მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია, საიდანაც მერიამ ჩანაცვლების თაობაზე შეთანხმებას 13 ამხანაგობასთან მიაღწია, 2 ლოკაციაზე კი დემონტაჟი უკვე დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, იმისთვის, რომ ამხანაგობამ ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში შესაბამის სამსახურებს მიმართოს, საჭიროა, რომ საცხოვრებელი შენობა ავარიულობის, ჯამში, ხუთი კატეგორიიდან, მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის იყოს.

ამასთან, მერიის განმარტებითვე, თუ ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის მერია სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსს გამოიყენებს, ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა საჭირო აღარ იქნება.

„თბილისში, დაახლოებით, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობაა, თუმცა გამგეობებში მიმართვიანობა 2337 ავარიულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზეა. ამ ეტაპზე, მოლაპარაკება მიმდინარეობს 43 ამხანაგობასთან. სრული შეთანხმება 13 ამხანაგობასთანაა მიღწეული. სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოები კი დაწყებულია 2 ლოკაციაზე. რაც შეეხება ავარიულობის დადგენის კრიტერიუმებს, ავარიული სახლი ავარიულობის ხარისხის მიხედვით მიეკუთვნება V, IV ან III, II ან I კატეგორიას, რაც დასტურდება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხის (შესაბამისი კატეგორიით) დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც გაცემული უნდა იყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს მიერ.

მაგალითად, მეოთხე კატეგორიის მქონე ავარიული სახლი აღარ ექვემდებარება გამაგრებას, ხოლო მეხუთე კატეგორიის საცხოვრებელი, ფაქტობრივად, დანგრეულია. ამხანაგობამ ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში შესაბამის სამსახურებს რომ მიმართოს, ამისთვის საჭიროა ის იყოს ავარიულობის მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის მქონე. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ, ან მიმდებარე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი. ავარიული სახლების ჩანაცვლებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაინტერესებული პირების მიმართ გამოიყენოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდი ან მიწის რესურსი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ავარიული სახლის ადგილას ან მიმდებარე მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებულ პირს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული (ფაქტობრივი ანაზომის მიხედვით), ფართობის ტოლი ფართობი გარემონტებულ მდგომარეობაში. დასაშვებია ფართის ცდომილება გონივრულ ფარგლებში, რომელიც რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ამასთან, არ ხდება შემდეგი ფუნქციის მქონე ფართების გათვალისწინება: ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება; ბ) ავტოფარეხი; გ) სარდაფი; დ) სხვენის ფართობი, რომელიც არ გამოიყენება სამყოფად; იმ შემთხვევაში თუ ავარიული სახლის ჩანაცვლებისთვის გამოიყენება მუნიციპალიტეტის მფლობელობაში მქონე სხვა მიწის ნაკვეთზე აშენებული კორპუსი, ავარიული სახლის ფარგლებში ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა აღარ იქნება საჭირო. დაინტერესებულ პირები საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნებიან ბინის ქირის კომპენსაციით: ავარიული სახლის ადგილას ახალ შენობა-ნაგებობის აშენებისა, ექსპლუატაციაში მიღების და შესაბამისი ფართის გადაცემამდე; ან სხვა ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრების გადაცემამდე. ბინის ქირის კომპენსაციის გაცემას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობა. დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ყოველთვიური კომპენსაციის სახით ფულადი თანხა გაიცემა, თუ დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ფართს საცხოვრებლად იყენებს“, - განუცხადეს მერიაში "ინტერპრესნიუსს".

myquiz