"ისტორიული სამურზაყანო მოსახლეობას კარგავს... მათ საქართველოში ურჩევნიათ ცხოვრება" - თითქმის დაცლილი გალის რაიონი
ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისტორიული სამურზაყანო მოსახლეობას კარგავს, რადგან ისინი დანარჩენ აფხაზეთში ვერ ინტეგრირდნენ. ახალგაზრდები, როგორც კი სკოლას ამთავრებენ, სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში მიდიან, სადაც მათთვის განსაკუთრებული შეღავათებია დაწესებული.. ამის შესახებ, ვრცელი მოხსენება ჰქონდა დეპუტატს, "საზოგადოებრივი პალატის" წევრს დავით ფილიას.
apsnypress.info-ს ცნობით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გალის რაიონის მოსახლეობა 40%-ით შემცირდა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია."საბჭოთა წლებში ისტორიულ სამურზაყანოში 92 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მთლიანად აფხაზეთის აღმოსავლეთით მოსახლეობის რაოდენობა 55 ათასამდე შემცირდა. რაც ყველაზე უარესია, ახალგაზრდების გადინებამ მასობრივი ხასიათი შეიძინა. მიმდინარე წელს, გალის რაიონში სკოლა 230 პირმა დაამთავრა და ძალიან მეეჭვება, რომ ერთი მათგანი მაინც აფხაზეთში დარჩეს" - ამბობს ფილია.
მისივე თქმით, მეზობელ ქვეყანაში არსებობს სპეციალური პროგრამები და მოზარდებს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში უკავშირდებიან.
"იცით რატომ არის ასე?.. იმიტომ, რომ საქართველოში რუსული ენა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ჩვენი ახალგაზრდები კი კარგად ფლობენ რუსულს" - მიაჩნია აფხაზ დეპუტატს.
მათი ინფორმაციით, ბოლო ოცდაათი წლის განმალობაში, გალის რაიონიდან 15,5 ათასზე მეტი ახალგაზრდა წავიდა, რაც საგანგაშოა.
"თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, გალის რაიონმა კოდორის ხეობის ბედი გაიზიაროს, სადაც უკვე აღარავინ ცხოვრობს... სამურზაყანოელებს საქართველოში ურჩევნიათ ცხოვრება, იმიტომ, რომ ის პირობები, რაც ჩვენ მათ ბოლო რვა წლის განმავლობაში შევუქმენით, აუტანელია. როდესაც ბავშვი იბადება, თუ მშობლებს აფხაზური საბუთები არ აქვთ, ჩვილს დაბადების მოწმობა არ ეძლევა... ასეთი მიზეზების გამო, გალის მოსახლეობის უმეტესობას ქართული პასპორტები აქვს, მშობლებიც ზუგდიდში მიდიან სამშობიაროდ თუ სხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად... თუ ასე გაგრძელდა, რაიონი ცოტა ხანში დაცარიელდება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მათ შვილების გაჩენა აფხაზურ სამშობიაროში მოუნდეთ და საბუთებიც აქაური მიიღონ" - ამბობს დეპუტატი.
აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, რომელმაც რაიონში მიმდინარე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა.
ადგილზე იმყოფებოდა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და ე.წ. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩეველი, რაულ ლოლუა. იხილეთ სრულად