ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები - რას აცხადებს ღარიბაშვილი? | Allnews.Ge

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები - რას აცხადებს ღარიბაშვილი?

ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში.

„საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, ქალებისა და კაცებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მატარებლები ხართ და ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომელშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. საქართველო, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს. ასევე, პასუხი გაეცეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლიდან, მიზნად დაისახა ევროინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში, ამ გზას ჩვენ დიდი სიმტკიცით, ენთუზიაზმითა და დიდი სურვილით მივუყვებით.

ამ ეტაპზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდებით იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

myquiz