„არ არსებობს შემთხვევა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ერთსქესიან წყვილებს - რას აცხადებს მედიცინის დოქტორი სუროგაციაზე?
„არ არსებობს შემთხვევა, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ერთსქესიან წყვილებს. ეს კონტროლდება იმ დოკუმენტაციით, რომელსაც აკეთებს კლინიკა, ნოტარიუსი და იუსტიციის სამინისტროში აბსოლუტურად ყველა „ქეისი“ კონტროლდება“,- ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა ნატალია ხონელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
საუბარია, მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია.
„ჩვენ, რეპროდუქტოლოგები და ზოგადად, ექიმები, აბსოლუტურად ყველა რეგულაციას ვეთანხმებოდით და ყოველთვის ვასრულებდით მას, 2000 წლიდან მოყოლებული (პირველი ბავშვი მაშინ გაჩნდა). მე როგორც დამფუძნებელი, ჩარეული ვიყავი კანონის შექმნაში და ჩვენი მონაწილეობთ მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგ, როდესაც ქალბატონი წულუკიანის ბრძანება გამოვიდა და ეხებოდა ასევე წყვილების რეგისტრაციაში ყოფნას (ასევე, ერთი წლის თანაცხოვრების შემდეგ შეუძლიათ ისარგებლონ სუროგაციით), ყველა კანონს აბსოლუტურად ვერგებოდით და ვახორციელებდით.
ჩვენ ასევე მონაწილეობა მივიღეთ 2019 წელსაც იმ კანონპროექტის შემუშავებაში, რაც ევროკავშირის მიერ გამოიცა, სერბეთის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და შეიქმნა ის კანონპროექტიც, რომელიც ასევე ჯანდაცვის და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ. ველოდით, რომ ეს კანონპროექტი შევიდოდა პარლამენტში განსახილველად, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვენ მიგვეღო პასუხი, შევიდა თუ არა, ან მოსმენაზე ჩვენც ვყოფილიყავით ექსპერტები, მივიღეთ პრემიერ მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ საერთოდ იკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია. და, არა მარტო, თურმე, მინისტრმა ესეც გააჟღერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკრძალება ინვიტრო განაყოფიერებაც. ეს საერთოდ წარმოუდგენელი თემაა, იმიტომ, რომ თუ ქართველი მოქალაქეებისთვის შესაძლებელია სარგებლობა, მაშინ უცხოელებისთვის რატომ არა?! უნდა ვიცოდეთ მიზეზი“,- განაცხადა ნატალია ხონელიძემ. იხილეთ სრულად