"მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო" - რას ჰყვება მოკლული მარიტა მაზიაშვილის და?
"რადიო თავისუფლება" ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის დის ინტერვიუს აქვეყნებს. მარიტა მაზიაშვილის უფროსი და, მაია მაზიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულის მხრიდან მუდმივად იყო მუქარები. რაც შეეხება მკვლელობის დღეს, როგორც მაია მაზიაშვილი აცხადებს, მისი სიძე მათ ეუბნეოდა, მარიტა ცოცხალი იყო და ტყუილად ტიროდნენ. გარდაცვლილი გოგონას და ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ მის ყოფილ სიძეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"მარის არ უნდოდა მასთან შერიგება და ამის გამო ემუქრებოდა. მარი რომ დაიკარგა, მატყუებდა, ცოცხალია, რა გატირებსო. მიცნობდა, ისარგებლა იმით, რომ აქ არ ვიყავი და ეს გააკეთა. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და იცოდა, რა გავუკეთე, როცა 15 წლის და მომტაცა და გამიუბედურა“.
ტყუილია რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. კი იწვა, მაგრამ იწვა იმიტომ, რომ წამალს იკეთებდა. ამიტომ გაშორდა ჩემი დაც, რომ ხელს არ ანძრევდა, არ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება და სულ გაშტერებული დადიოდა. ჩემი გაზრდილი იყო ეგეც და ჩემი დაც. ორივე. დაწერეთ, ყველგან დაწერეთ, რომ მკვლელია და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს" - ამბობს მაია მაზიაშვილი "რადიო თავისუფლებისთან" საუბარში.
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.
ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.