"ბევრისგან მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო?" - ახალგაზრდა ქალის დიდი მეურნეობა მცხეთაში
ნათია ჩიბუხაშვილი გერმანული ენის სპეციალისტია. დაიბადა და გაიზარდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში, სადაც ახლა 3 შვილს ზრდის და უვლის საოჯახო მეურნეობას.
"როგორც სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, მეც ისევე ვშრომობ. რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ხალისით. ამ ყველაფერს პოზიტივით ვუდგები. ეს საქმეები არ მძაბავს,“ - გვეუბნება ნათია ჩიბუხაშვილი.
- უფროსი გოგონა 15 წლისაა, ტყუპი გოგო-ბიჭი - 13-ის... მესამე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, მე-4 კურსზე უკვე პირველი გოგო შემეძინა, ლექციებზე რომ მივდიოდი, ჩემი შვილი ხშირად ლექტორატში იყო ხოლმე... მერე ისე მოხდა, რომ მეუღლეს დავცილდი - სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჩემების სახლში გადმოვედი. დები და დედა საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ამიტომ მე და ბავშვები ვართ ახლა ამ სახლში. გარკვეული რაოდენობის ძროხა და ქათამი სულ გვყავდა, მაგრამ ახლა მათი მოვლის საქმეში უფრო აქტიურად ჩავერთე. მერე უცხოეთიდან დედა ჩამოვიდა და ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ მე წავედი. გამიმართლა, კარგ ხალხში აღმოვჩნდი. საქმეც ავაწყე, მაგრამ ძალიან რთული იყო ბავშვების გარეშე ცხოვრება. მშვენიერი სამსახური და სამეგობრო წრე - ის არ იყო, რაც მჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი. იქ ისიც შემომთავაზეს, რომ ბინით უზრუნველგყოფთ, შვილებისთვის სკოლის შერჩევაში დაგეხმარებითო, რომ ბერძნულ სკოლაში მიმეყვანა. სამსახურიც მქონოდა, არ გამჭირვებოდა. მაგრამ ვფიქრობ, ბავშვები საკუთარ ქვეყანაში უნდა გაიზარდონ. სხვა ქვეყანაში გაზრდილები რატომღაც მგონია, სამშობლოს სცილდებიან. მოკლედ, 2019 წლის დეკემბერში ჩამოვედი...
- და სამშობლოში დაბრუნებული მიუბრუნდით მეურნეობას, რომელშიც დღეს, როგორც გვითხარით, სიამოვნებით ხართ ჩართული...
- დიახ. რომ ჩამოვედი, დედას 2-3 ძროხა ჰყავდა. ამასობაში საქონელი გამრავლდა. ბავშვობიდან ისედაც მიყვარს ცხოველები და მათ პატრონობას ხელი აქტიურად მივყავი. მერე ხბორები გავზარდეთ. მათ კიდევ სხვები გააჩინეს, ისინიც გავზარდეთ და ფერმა გამომივიდა. ამჟამად 9 სული მყავს და კიდევ ერთს ველოდებით. არის 6 ძროხა, ერთი დეკეული, 2 ხბო... ქათმებიც მყავს და ცოტა იმაზე მეტიც იყო, რაც ახლა, მათ შორის, აბრეშუმის ქათმებიც, მაგრამ მელიამ მოგვპარა. სახლი სოფლის განაპირასაა, თან ბავშვებს კარი ღია დარჩათ და წააცუნცულა... კი, წიწილაც ბევრი დავზარდე.
- რძის პროდუქტებსაც ამზადებთ?
- დიახ. რძესაც ვყიდი, ყველსაც და მაწონსაც... ბევრი შრომა მიწევს, მაგრამ რაღაცებში ფული მაინც მაკლდება და დედა მეხმარება. ამ შრომის პარალელურად კიდევ სადმე სამუშაოდ რომ გავიდე, არ გამოდის, ბავშვებს მთელი დღეები მარტო ვერ დავტოვებ. თან, ჯერ ისეთ ასაკი არ აქვთ, დედა გვერდით სჭირდებათ. მყარად მივიღე გადაწყვეტილება, რომ მათ გვერდით ვიყო. არადა, უკეთესი სამსახურის შოვნა შემიძლია.
ხან ჩემებისგან, ხან სხვებისგანაც მომისმენია, ამ ძროხებს რას დასდევ, რატომ იღლი თავსო? მაგრამ ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ, ბევრად უკეთეს შედეგებს მოიტანს ის, რომ ახლა ჩემს შვილებთან ერთად ვარ.
- ალბათ სამეურნეო საქმეებში გეხმარებიან შვილები, ხომ?
- კი, ვეუბნები, ვესაუბრები იმაზე, რომ უნდა დამეხმარონ, ვალდებულებიც არიან. თუ ერთმანეთს არ დავეხმარეთ, სხვა ვერავინ დაგვეხმარება. ბავშვები შრომას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ, ცხოველებთან ურთიერთობასაც. ბავშვი, რომელიც ცხოველს ზრდის, უვლის და უყვარს, ის ჰუმანური ადამიანი გაიზრდება. ასე რომ, ყველაფერში, რაც შეუძლიათ, მეხმარებიან. დათესვა, ძროხების მოყვანა, ქათმების გამოკვება, სახლის დალაგება - ამ საქმეებში დამხმარის ფუნქციას ასრულებენ. თვითონაც მოსწონთ ეს ყველაფერი. ძროხებიც თითოეულს საკუთარი ჰყავს და ყველას თავისი მოჰყავს. ამის გარდა ცეკვაზეც დადიან, ინგლისურზე, გიორგი - რაგბიზეც... ერთად სიხარულით და ხალისით ვაკეთებთ და ვუძღვებით საქმეებს... იხილეთ სრულად