"ჯერ გაგუდა და მეორე დღეს ნაქირავები მანქანით ხევში გადააგდო" - ვინ არის ყოფილი ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი?
სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში. მამაკაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული 31 წლის მამაკაცი დააკავა.
მოკლული ახალგაზრდა გოგონა 27 წლის მარიტა მაზიაშვილია. იგი მეუღლეს დაახლოებით 7 წლის წინ დაშორდა. გარდაცვლილს 11 წლის გოგონა დარჩა."მარი ძალიან თავდაჯერებული, ლაღი ადამიანი იყო, ძალიან მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. შაბათს სამსახურში ვნახეთ, არაფერი უთქვამს, რომ პრობლემა ჰქონდა. ჩვენც შოკირებულები ვართ მომხდარით" - გვიყვებიან გარდაცვლილის ახლობლები.
როგორც შსს-ს ინფორმაციიდან ირკვევა, მარიტასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტი ავტომობილში დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებულმა გოგონა თოკით გაგუდა. მეორე დღეს კი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.