"მეგობრობდნენ... ჭაში ჩააგდესო, ჯერ ქვები დაუყრიათ, ზემოდან კი ბეტონი დაასხეს" - რა დეტალებს ჰყვება კახეთში მოკლული 25 წლის გიორგი მირზაშვილის მეგობარი?
25 წლის გიორგი მირზაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმემ მთელი ქვეყანა შეძრა. ახალგაზრდა ბიჭი რუსთავიდან იანვარში გაუჩინარდა და იმ დროიდან არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი სასტიკად მოკლული იქნებოდა და რომ დამნაშავეები მის ცხედარს ჭაში ჩააბეტონებდნენ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ შემზარავ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი ახალგაზრდა, 24 წლის გიორგი სულხანიშვილი მოკლულის ნათესავია.
უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირების ფანტაზია უფრო შორს წავიდა, ბიჭის მკვლელობის და ცხედრის დამარხვის შემდეგ, ისინი კვალის არევას შეუდგნენ. გიორგის "ფეისბუკში" შევიდნენ და მესენჯერით მოკლულის დედას, მკვლელობის მეორე დღეს, შეტყობინებები გაუგზავნეს. თითქოს გიორგი წერდა დედას, რომ მონასტერში მიდიოდა გარკვეული დროით და მასზე არ ენერვიულა, მისი ძებნა არ დაეწყო. ბიჭის დედა ემიგრაციაშია, ის ისრაელშია სამუშაოდ წასული და დედას ეგონა, რომ შვილისგან იღებდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. რას წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი ამ დროს მოკლული იყო და მისი სახელით სხვები წერდნენ შეტყობინებას, შვილის ადგილსამყოფლის შესახებ კი ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.
უფრო მეტიც, ერთ ერთი ბრალდებული თურმე ნათესავებთან მიდიოდა და კითხულობდა გიორგის ადგილსამყოფელზე ხომ არ იცოდნენ რამე.
გიორგი რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდა, ოჯახის ახლობელმა ატეხა განგაში და პოლიციას განცხადებით მიმართა. სამართალდამცველებმა კი დანაშაული გახსნეს, ცხედარსაც მიაგნეს, დამნაშავეებიც დააკავეს და საქმის უმძიმესი დეტალებიც გაცხადდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი, 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს. სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი გახდა მიმდინარე წლის 22 მაისს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ უმძიმესი ბრალდებით დაკავებულები არიან 24 წლის გიორგი სულხანიშვილი და მრავალჯერ ნასამართლევი 27 წლის უშანგი ბერძენიშვილი. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭს დამნაშავეებთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა, ის კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში უროს ჩარტყმით მოკლეს.როგორც ამბობენ, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და საქმეში უკვე დევს მისი აღიარებითი ჩვენება. დამნაშავემ პოლიცია მიიყვანა დანაშაულის ადგილასაც და ჭიდან ამოიღეს სადისტურად მოკლული ახალგაზრდის ცხედარი, რომელიც ისე იყო დაზიანებული, მისი ამოცნობა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ჩატარებული დნმ-ის ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მოკლული გიორგი მირზაშვილია. ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ გუშინ მიაბარეს მიწას ისე, რომ შვილის დაკრძალვას ვერ ჩამოუსწრო ისრაელიდან დედამ... დედამ, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს.
"ღმერთო, რა მწარე დღე გათენდა, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონზე, გიო, ცათა სასუფეველი ჰქონდეს შენს ლამაზ სულს.გაუთავებლად, სამყაროს დასრულებამდე შემიძლია მასზე ვისაუბრო, ისეთი ადამიანი იყო", - ამბობს მოკლულის მეგობარი.
გიორგის მეგობარი:
- გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. საშინელება მოხდა, წარმოუდგენელია მასზე წარსულში საუბარი და იმის დაჯერება, რომ ასე სადისტურად გაუსწორდნენ მას. უმაგრესი კაცი იყო, უსაყვარლესი ადამიანი. ყველგან სიყვარულს თესავდა. დიდსა და პატარას ყველას უყვარდა. პატარა ბავშვებიც იყვნენ მის დაკრძალვაზე და დიდი, ასაკოვანი ადამიანებიც. ყველას გული დაწყვიტა ამ ამბავმა.
გუშინ დავკრძალეთ.
ცინკის კუბოთი მოასვენეს და ისეთ მდგომარეობაში იყო ცხედარი, რომ მისი გაჩერება არ შეიძლებოდა, ამიტომ ჩვენ, მისმა მეგობრებმა და დედის მეგობრებმა, ნათესავებმა დავკრძალეთ.
მე რამდენიმე თვე საქართველოში არ ვიყავი, ევროპაში ვიყავი და ამიტომ, ფიზიკურად არ მინახავს გიორგი, რა პრობლემები ჰქონდა, არ ვიცი. ზოგადად, არ იყო კონფლიქტური ადამიანი. უცხოეთიდან რომ ჩამოვედი, ეს საშინელი ამბავი დამახვედრეს.
გიორგი 5 თვე იყო დაკარგული. მის მკვლელობაში ბრალდებული დედამისის ბიძაშვილის შვილი - გიორგი სულხანიშვილია, მეორე ბრალდებულია უშანგი ბერძენიშვილი. ორივე დამნაშავე ამჟამად დაკავებულია. დედამისის ბიძაშვილის შვილთან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, სულ ერთად იყვნენ, ახლა ბიჭები ამბობენ, რომ ბოლო დროსაც სულ ერთად იყვნენო, იმ ბიჭს, სეხნიაშვილს პრობლემები რომ ჰქონდა, გიო ეხმარებოდა, იმ დღეს რა მოხდა და რატომ გაიმეტეს ასე სადისტურად მოსაკლავად, არ ვიცი. სიმართლე იცის მხოლოდ მოკლულმა და იმ დამნაშავეებმა. სეხნიაშვილიც რუსთაველია, სახლშიც მიდიოდა გიორგისთან, ერთადაც სეირნობდნენ, თითქმის ტოლები არიან. გიორგი 25 წლის იყო.განაგრძეთ კითხვა