"ქმარმა ორი ბავშვით მიმატოვა... მითხრა, რომ არ უნდოდა ასეთი დიაგნოზის მქონე შვილი" - ახალგაზრდა ქალი გურიიდან, რომელიც გასაჭირმა გააძლიერა და ახლა სხვებს ეხმარება
ვეკო წულაძეს გურიის რეგიონში დღეს ბევრი ოჯახი იცნობს. წლებია ის აქტიურად იბრძვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის გურიაში საჭირო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს და ისინი მაქსიმალურად რეალიზებულები იყვნენ. შედეგიც მიღწეულია, დღეს ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში 120 ბავშვი სხვადასხვა სერვისით უკვე სარგებლობს. ვეკო, როგორც სპეციალისტი, ამ ბავშვებს დახმარებასაც უწევს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ოდა ქეარის" ხელმძღვანელი ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრშიც მუშაობს და ძალზე აქტიური ადამიანია.
მას ყველაზე კარგად ესმის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებები, რადგან თავადაც ჰყავს 10 წლის ნინიკო. ვეკოს ცხოვრებაშიც იყო დიდი იმედგაცრუება, რადგან მეუღლემ განუცხადა, რომ შვილის დიაგნოზის გამო შორდებოდა. ამბობს, ფარ-ხმალი არ დამიყრია, მოვკიდე ჩემს ორ შვილს ხელი და გურიაში, მშობლიურ სახლში დავბრუნდიო. მას მერე შვილების წინსვლისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს პროფესიაც ამიტომ შეისწავლა და სოფლებში კარდაკარ სიარულიც უწევს, რათა ადამიანებს დაეხმაროს.
ვეკო წულაძე:
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას, 10 წლის ნინის დედა ვარ, მას დაუნის სინდრომი აქვს. როცა ჩემი ნინიკო დაიბადა, მაშინ ვფიქრობდი, რომ მარტო ვიყავი. გურიაში არანაირი სერვისი არ არსებობდა, სადაც ჩემი შვილის ჩართვას შევძლებდი. იმ პერიოდში არც ერთ დედას არ ვიცნობდი ამ დიაგნოზით, რომ ვინმეს გამოცდილება გაეზიარებინა. წლების შემდეგ კონფერენციაზე მოვხვდი და მაშინ გავიგე ბევრი რამ მხარდამჭერი სერვისების შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობდა, მაგრამ არც ერთი არ იყო გურიაში.
ამ შეხვედრის შემდეგ იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ ვისთან შემეძლო ამ საკითხებზე საუბარი, როგორ მებრძოლა, რომ ეს სერვისები გურიაშიც ხელმისაწვდომი გამხდარიყო. 2017 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ ჯორჯიას" პროექტში მოვხვდი, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა გურიაში მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა. სამმა ადამიანმა 200-საათიანი ტრენინგი გავიარეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და ჩვენ შეგვეძლო უკვე ცოდნის გაზიარება სხვებისთვის; უკვე თავად ვატარებდით კვლევებს, მშობლებს ვაწვდიდით სხვადასხვა ინფორმაციას.
- როგორ პოულობდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებს?
- თავიდან ოზურგეთიდან დავიწყეთ, კარდაკარის პრინციპით დაახლოებით 60 ოჯახში ვიყავით; საჭიროების მქონე ოჯახების მოძიებაში სოფლის რწმუნებულები და ექიმები გვეხმარებოდნენ. ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახებში გულისწყვეტით ამბობდნენ, წლებია არავის მოუკითხავს ჩემი შვილიო. ზოგს უხაროდა, ვიღაცას რომ გაახსენდა, მაგრამ იყო ისეთი, რომლებმაც საერთოდ არ შეგვიშვა სახლში, რადგან ნდობის ფაქტორი დაბალი იყო. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც გვენდნენ, გაგვიზიარეს თავიანთი პრობლემები. ბევრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიც არ ჰქონდა და პირველ რიგში, ამ სტატუსის მიღებაში ვეხმარებოდით, მერე კი სერვისში ჩართვაში. მუშაობის პროცესში ნდობის ფაქტორი ჩნდებოდა. იხილეთ სრულად