საქართველოს რამდენი მოქალაქე დასაქმდა ლეგალურად გერმანიასა და ისრაელში?
2023 წლის იანვარ-აპრილში გერმანიაში სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს 216 მოქალაქე დასაქმდა - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული.
რაც შეეხება ისრაელში ლეგალურად დასაქმებას, 2022 წლის 1-ლი ივნისიდან 2023 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, ისრაელში ლეგალურად მხოლოდ 20 ადამიანი დასაქმდა.
გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის 15 თებერვალს დაიწყო. სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა საქართველოს 1 231 მოქალაქე. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2023 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით კი, 216 მოქალაქე.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების (ცირკულარული შრომითი მიგრაციის) შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს დიალოგი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან: პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ავსტრია, ირლანდია, სლოვენია, კვიპროსი, უნგრეთი.