ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების გაზრდა იგეგმება - რას აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი?
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის ინფორმაციით, შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.
„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას. კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე.
ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი. ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“,- აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში“.