"ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან უხეშად გამოიყენეს და ხალხს, უბრალოდ, შეეშინდა" - რას აჩვენებს IRI-ის მორიგი კვლევა
25 აპრილს, IRI-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად, ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
ასევე, გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის, ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.
როგორც კვლევამ აჩვენა, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია - გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს, ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.
"სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! "ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრებას უჭერს მხარს. ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა!“ - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად, ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას.
"გვახსოვს, რომ ეს კვლევები 7-8-ჯერ გადამოწმდა დემოკრატიული არჩევნებით საქართველოში და გამოჩნდა, რომ აცდენილი იყო რეალობას. ახლაც ერთად გადავამოწმებთ 2024 წელს ვის რა მხარდაჭერა აქვს საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ჟურნალისტებთან.
IRI-ის კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას "ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას“, 3%-მა გიორგი გახარიას "საქართველოსთვის“ დაასახელა, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის "გირჩი - მეტი თავისუფლება“. გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას "ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას "ქართულ ოცნებას“.
IRI-ის კვლევის შედეგებსა და ძირითად ასპექტებზე ambebi.ge - სთან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს:
"კვლევამ გვიჩვენა, რომ "ოცნების“ რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. შევხედოთ, რა შედეგია დინამიკაში - მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში მოსახლეობაში გაჩნდა მეტი წუხილები, ხალხის დიდ ნაწილს რუსეთთან დაახლოება არ უნდა, არ მოსწონს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა და ის, რომ იზრდება ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და ამ ყველაფერს საფრთხედ აღიქვამს. შეიძლება ითქვას, რომ ასევე ეს არის შედეგი აგენტების შესახებ კანონის, რითაც მოხდა ხელისუფლების დისკრედიტაცია. ეს გამოკითხვები ზუსტად მარტშია ჩატარებული და ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის გამო დაეცა "ოცნების“ რეიტინგი. პლუს ამას, ხელისუფლებამ თავისი თავი დააფიქსირა, როგორც ევროსკეპტიკურმა ძალამ, მოსახლეობაში კი ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა. მოკლედ, მათ ანტიდასავლური რიტორიკა ძალიან უხეშად გამოიყენეს და ხალხს, უბრალოდ, შეეშინდა. ოპოზიცია თუ აქამდე ლაპარაკობდა, რომ "ოცნება“ პრორუსული ძალაა, მას არ უნდა ამერიკა - ევროპა, უნდა რუსეთში შეგვათრიოს და ა.შ. ხალხს ამის არ სჯეროდა, ფიქრობდა, რომ ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური სტიგმატიზაცია. ახლა "ოცნებამ“ თავისი რიტორიკით მოსახლეობა შეაშინა და, შესაბამისად, მისი მხარდაჭერაც შემცირდა.
პროპაგანდის თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდან არასწორი გათვლები იყო - მგონია, რომ მათ ზედმეტად აიღეს რუსეთისთვის მაამებლური კურსი და ამის გამო დამკვიდრდა ასეთი შეხედულება, რომ ამ უმრავლესობას მართლა არ უნდა ევროკავშირი. ადრე თუ ახერხებდნენ ლავირებას და ბალანსირებას - თან პრორუსულ ძალებს ელოლიავებოდნენ და ეფერებოდნენ, თან ამბობდნენ, ევროკავშირში გვინდაო, რაც ეს "ხალხის ძალა“ შეიქმნა, მან აქტიურად იმოქმედა და გადააჭარბა კიდეც. ხელისუფლებამ "ხალხის ძალა“ ხომ იმისთვის შექმნა, რომ პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი და პრორუსული პარტიების - "ალტინფოს", "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები მათთვის მოეწყვიტათ და თავისკენ წამოეყვანათ, მაგრამ ზედმეტი მოუვიდათ. ამ დროს, მოსახლეობის შეხედულებებში "ხალხის ძალასა“ და "ოცნების“ დანარჩენ ნაწილს შორის კავშირი არ გაწყვეტილა, ისინი მუდმივად იცავდნენ მათ განაყარს, ხალხი ვერ მოატყუეს, რომ ერთი გუნდი არ იყვნენ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ მათ პრორუსული ძალის გადმობირებას შეწირეს პროევროპულად განწყობილი ნაწილი. ასე მგონია, მათ შორის დიდი ნაწილია საჯარო მოხელეები, მუნიციპალიტეტებში მომუშავე ხალხი, რომლებსაც ადრე იმედი ჰქონდათ, რომ "ოცნებას“ ევროკავშირში მიჰყავს ქვეყანა, მაგრამ როდესაც ეს იმედი გადაუწურეს, ეს კატეგორია ხელისუფლებას ხელიდან გაექცა. იხილეთ სრულად