ვინ არიან ქართველები, რომლებიც საერთაშორისო თაღლითურ სქემაში კეზერაშვილთან ერთად ფიგურირებენ და რა აკავშირებთ მათ ექსმინისტრთან?
BBC-მ ე.წ. "ქოლ-ცენტრების“ შესახებ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და სკანდალურ მასალებს მიაკვლია.
საგამოძიებო სტატია, სათაურით: "მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს", მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ითვისებენ თაღლითური გზებით საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგს. საერთაშორისო თაღლითური სქემის საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კიდევ 5 პირი ფიგურირებს. ესენი არიან: დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც Milton Group-ის მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული გვარები Panama Paper-ის დოკუმენტებშიც იძებნება.
თაღლითური სქემა ასეთია:ქოლცენტრის თანამშრომლები ძირითადად საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს ურეკავენ და სთავაზობენ დამატებითი შემოსავლის მიღებას. ამისთვის კი სთხოვენ ინვესტირებას სხვადასხვა კომპანიებში, ასევე სთხოვენ მათ საბანკო ანგარიშის მონაცემებს. როგორც კი მსხვერპლი მახეში გაებმება, მოქმედებას იწყებს თაღლითური სქემა, რაც მსხვერპლებს მთელი ცხოვრების დანაზოგის გარეშე ტოვებს.
AMBEBI.GE დაინტერესდა, ვინ არიან, რას საქმიანობენ და რა აკავშირებთ დასახელებულ პირებს დავით კეზერაშვილთან.
იოსებ მგელაძე
იოსებ მგელაძე დავით კეზერაშვილის კურსელი, უახლოესი მეგობარი და ბიზნესპარტნიორია. მედიაში იძებნება მასალები, რომლის მიხედვითაც, ის კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების უმეტეს ნაწილში ფიგურირებს, ძირითადად, როგორც დირექტორი ან მეწილე.
გასული წლის ნოემბერში ე.წ. "ქოლ - ცენტრების” საქმეზე საგამოძიებო მოქმედება (ჩხრეკა) ბიზნესმენ იოსებ მგელაძის საცხოვრებელ მისამართზეც კი ჩატარდა. ამის პასუხად მგელაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კავშირი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან.
მაშინ მგელაძემ აღნიშნა, რომ მისი ბიზნესსაქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების შეძენასა და გაქირავებას. მისი მტკიცებით, ჭავჭავაძის გამზირზეც გაქირავებული ჰქონდა საოფისე ფართი და მის უძრავ ქონებაში იჯარით შესული კომპანიის საქმიანობაზე პასუხი მისთვის არ უნდა მოეთხოვათ.
"ილია ჭავჭავაძის 37-ში მდებარე კომპანია არის შპს "თი&ემ ფროფერთი“, რომლის 50%-იანი წილიც მეკუთვნის მე, სოსო მგელაძეს. ფართი შევიძინე დაახლოებით 2 წლის წინ და გავაქირავეთ კომპანია "ბი-ჯი-თი“-ზე. ჩვენი ინფორმაციით და კონტრაქტის მიხედვით, კომპანია საქმიანობს ონლაინმარკეტინგისა და IT-მომსახურების სფეროში.
კომპანიაში ჩხრეკის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა 8 ნოემბერს. არ ვიმყოფებოდი საქართველოში, თუმცა როგორც კი ინფორმაცია მივიღე, მაშინვე დავბრუნდი და მზად ვარ, აბსოლუტურად ღიად ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას ვუპასუხო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩემს კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ქოლ - ცენტრებთან“, - განაცხადა მგელაძემ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულ კონფერენციაზე მგელაძემ კეზერაშვილთან კავშირზეც ილაპარაკა.
"დათო კეზერაშვილი ჩემი კურსელია. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო "უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, სადაც წლების წინ ვიყავი დირექტორი, და რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან ვიყავი ანგარიშვალდებული. თუმცა დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას. ისევე, როგორც "ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან…დათო კეზერაშვილი ნამდვილად არის ჩემი მეგობარი, ვმეგობრობთ. რომც მქონდეს ბიზნესსაქმიანობა, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს“, - აცხადებდა მგელაძე გასულ წელს.
რატი ჭელიძე
რატი ჭელიძე პროფესიით იურისტია. ის 2022 წელს გაემგზავრა კვიპროსში და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი და კეზერაშვილის სახელები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი ბიზნესპარტნიორებად არიან მოხსენიებული.
რატი ჭელიძეს 2010 წელს გარკვეული ფინანსური კავშირი ჰქონდა “საქართველოს ლატარიის კომპანიასთან” (2010 წელს ეს კომპანია კეზერაშვილის საკუთრება იყო). გარდა ამისა, ის 2017 წელს კეზერაშვილის საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის მოწმე იყო და ჩვენებაც უნდა მიეცა, თუმცა, როგორც ცნობილია, სასამართლოში არ გამოცხადებულა. იხილეთ სრულად