ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტატარსკის მხარდამჭერად გაეცნო და სასიკვდილო საჩუქარი გადასცა?
რუსმა სამართალდამცავებმა კრემლის პროპაგანდისტის, სამხედრო ბლოგერის, 40 წლის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს.
აფეთქება, რომელიც სანკტ-პეტერბურგში, მდინარე ნევას მახლობლად მდებარე კაფეში გუშინ მოხდა, საკმაოდ მასშტაბური იყო. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია, მათგან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
რა მოხდა კაფე "Street Food Bar No 1"- ში
გუშინ, საღამოს საათებში, კაფეში ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა.
გამოძიების ინფორმაციით, ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი ტატარსკის ფიგურა-ქანდაკებით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შემსწრეებმა დაკითხვისას განაცხადეს, რომ დაცვამ ქალს მოსთხოვა საჩუქარი გარეთ დაეტოვებინა, რადგან იმთავითვე იეჭვეს, რომ მასში ასაფეთქებელი ნივთიერება შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ტრეპოვამ ამაზე გაიცინა და ყუთის დარბაზში შეტანა მაინც მოახერხა.
საქმის მოწმეების თქმით, ღონისძიებისას დარია აქტიურობით გამოირჩეოდა, ხშირად შედიოდა დისკუსიაში ტატარსკისთან და უსვამდა კითხვებს სხვადასხვა საკითხზე.
ღონისძიების მიმდინარეობისას, ის ტატარსკისთან მივიდა, უთხრა, რომ მისი მხარდამჭერი იყო და პირადად გადასცა საჩუქარი. ვიდეოში ჩანს, რომ ტატარსკის საკუთარი ბიუსტის დანახვაზე გაეცინა და ის გვერდით მაგიდაზე დადო, სადაც რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შემდეგ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალზე ძებნა გამოაცხადა და რამდენიმე საათში დააკავა კიდეც.
მომხდარზე კომენტარი გააკეთეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებაც. ოფიციალური მოსკოვი მომხდარს "გახმაურებულ მკვლეობას" უწოდებს და აცხადებენ, რომ საქმეს აქტიურად იძიებენ.
ვინ არის დარია ტრეპოვა?
რუსული მედიის ცნობით, დარია ტრეპოვა 1997 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა. ის გამოირჩეოდა უკრაინა-რუსეთის ომის საწინააღმდეგო პოზიციით. რუსმა სამართალდამცავებმა იგი ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დააკავეს კიდეც. რუსმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს ახალგაზრდა ქალის დაკითხვის ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამბობს, რომ არ იცოდა, თუ ქანდაკებაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული. იხილეთ სრულად