როდის სჯობს თეთრის და როდის შავი პურის მიღება? -გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ | Allnews.Ge

როდის სჯობს თეთრის და როდის შავი პურის მიღება? -გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" შავსა და თეთრ პურს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს ჯანმრთელობის თვალსაზრისით და აღნიშნავს, რომელს რა სარგებელი და უპირატესობა აქვს:

- თუ შავი და თეთრი პურის თითო ნაჭერს ავიღებთ და კალორიებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ თეთრი პურის კალორიულობა დაახლოებით 77 ერთეულს, ხოლო შავის 75 ერთეულს უდრის. განსხვავება სულ რაღაც 2 ერთეულშია და ეს იმდენად უმნიშვნელოა, რომ კალორიების თვალსაზრისით, ფაქტობრივად, სხვაობა თითქმის არ გვაქვს. ასე რომ, თუ წონის დაკლებაზე ხართ ორიენტირებული, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შავ პურს მიიღებთ, თუ თეთრს. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, შავი პურის მიღება უკეთესი ვარიანტია. მას დაბალი გლიკემიური ინდექსი გააჩნია. მისი კალორიები, თეთრი პურისაგან განსხვავებით, თქვენს ორგანიზმში უცებ კი არა, ეტაპობრივად შემოდის. ამიტომ, თუ ჭარბწონიანი ხართ და პურის არჩევა გსურთ, ცოტათი მეტი სარგებელი შავ პურს აქვს.

მეორე განსხვავება ბოჭკოებს შორისაა. ბოჭკოები ჩვენი სხეულისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ ბოჭკოები შავ პურში მეტია, ვიდრე თეთრ პურში და ამ თვალსაზრისით, მას უპირატესობა აქვს. თუ მეტეორიზმი გაწუხებთ და ნაწლავებში ბევრი აირი გიგროვდებათ, ან შეკრულობა გაწუხებთ, ამ შემთხვევაში შავი პურის მიღებას უფრო გირჩევდით. თეთრი პურის შემთხვევაში ბოჭკოები ძალიან ცოტაა და ის მსხვილ ნაწლავს პერისტალტიკაში ხელს ნამდვილად არ უწყობს. თუ ადამიანი შეკრულობისკენაა მიდრეკილი, ეს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს. რაც შეეხება შავ პურს, როგორც აღვნიშნე, ის დიდი რაოდენობით ბოჭკოს შეიცავს და მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში საკვები დიდხანს არ ჩერდება, უფრო სწრაფად გადაადგილდება და შეკრულობის შანსი ძალიან დაბალია. გარდა ამისა, აირების წარმოქმნის დროც გაცილებით დაბალია. იხილეთ სრულად

myquiz