"როცა მამაკაცების სქესობრივ ჯანმრთელობაზე ვიდეო გამოვაქვეყნე, მათი რიცხვი ჩემს გამომწერებში გაიზარდა" - ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებული თემებით "ტიკ-ტოკზე" გამოჩნდა
რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ერთ-ერთი პირველია ქართველ ექიმებს შორის, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდა. ექიმი ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ იდეა კოვიდპანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძოდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო.
სამედიცინო-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა გამოუვიდა, რადგან საუბარი დაიწყო ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა სქესობრივი განათლება და მისი "ტიკ-ტოკის" პროფილი ამჟამად 148 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის... პოსტებზე კი მილიონზე მეტი მოწონება აქვს...
- ქალბატონო მანანა, თქვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი იყავით, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდით, გაგიჭირდათ თავიდან გადაწყვეტილების მიღება, მაინც თინეიჯერულ კონტენტად აღიქმებოდა...
- როდესაც პანდემიის დროს კოვიდი დამემართა, გადადების რისკის გამო, მეც სახლში მომიწია თითქმის ორი კვირის გატარება. სწორედ ამ პერიოდში აღმოვაჩინე "ტიკ-ტოკი", სოციალური პლატფორმა, რომლის მომხმარებლებიც ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. ბავშვობიდან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს ვიდეოების გადაღება, არ მაქვს კამერის კომპლექსი, ამიტომ მაშინვე დავრეგისტრირდი და საცდელად ერთი ვიდეო გადავიღე და გამოვაქვეყნე. მაშინვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მივხვდი, რომ რეპროდუქციული და სქესობრივი განათლების კუთხით, რეალურად ახალგაზრდებში მართლაც მწირი ინფორმაცია იყო. ძირითადად მსგავს თემებზე დავიწყე ვიდეოების გადაღება. ასევე ძალიან დამეხმარა მათი კითხვები, ამით ვხვდებოდი რა აინტერესებდათ.
- როგორ შეხვდნენ თქვენს გამოჩენას ახალ სოციალურ არხზე, თუნდაც კოლეგები, ახლობლები, პაციენტები...
- თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ. იყო ასეთი აზრიც, რომ თითქოს ექიმს ასეთი რამ არ შემეფერებოდა, იყო აგრესიული კომენტარებიც. მწერდნენ, რომ კაბინეტში უნდა მესწავლებინა პაციენტებისთვის მსგავსი რაღაცები და არა საჯაროდ. თავიდან ამის გამო მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ იმდენი დადებითი კომენტარები იყო ამის საპირწონედ, რომ მივხვდი რეალურად უფრო მეტ ადამიანებს ვეხმარებოდი. ამიტომ ნეგატიურ კომენტარებს აღარ ვაქცევდი ყურადღებას.
- მანამდე ფეისბუქზეც რთავდით ხოლმე ლაივებს". შეგიძლიათ გვითხრათ, რით განსხვავდება ამ ორი სოციალური არხის მაყურებელი?
- საერთოდ "ტიკ-ტოკზე" 3 წუთზე მეტ ვიდეოს ვერ ჩაწერ და რაც უფრო პატარაა ვიდეო, მით უფრო მეტი ხალხი ნახულობს. ძირითადად ერთწუთიან ვიდეოებს ვაკეთებ. წარმოიდგინეთ, რამხელა შრომაა, ამ ერთ წუთში უნდა ჩაატიო ის სათქმელი, რაც მაყურებლისთვის გაქვს. აქვე ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურები, რაზე საუბრობ. იხილეთ სრულად