როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა? | Allnews.Ge

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის მიღწევა და დაბრკოლებების გადალახვა?

ბავშვები მუდმივად ეუფლებიან სხვადასხვა უნარს - სწავლობენ წერა-კითხვას, ერთვებიან განსხვავებულ აქტივობებში და ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ისეთ თვისებებს, როგორებიცაა მოთმინება, შეუპოვრობა, მიზნისთვის ბრძოლა, შეუძლიათ წინასწარ განსაზღვროს, როგორ წარიმართება ადამიანის ცხოვრება. როგორც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ანჯელა დაკვორთი აღნიშნავს, წარმატებას მიაღწევენ არა ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, არამედ ისინი, რომლებიც საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუპოვრად მიდიან, ადვილად არ ნებდებიან და გამოწვევებს არ უშინდებიან. გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ, საკუთარ შვილებს შეუპოვრობა და მიზნის მიღწევა ასწავლოთ:

1. შეაქეთ ძალისხმევისთვის და არა შედეგისთვის

სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, კეროლ დუეკის კვლევის მიხედვით, ბავშვები უფრო მეტად თავდაჯერებულები მაშინ კი არ არიან, როდესაც მათ თანდაყოლილი ნიჭის გამო კარგად შესრულებული ამოცანისთვის აქებენ, არამედ, მაშინ როცა მათ ძალისხმევას, მონდომებას აფასებენ და ეუბნებიან, "ყოჩაღ, რომ ამდენი იშრომე! ყოჩაღ, რომ მოახერხე". ამიტომ, ფსიქოლოგების მთავარი რჩევაა, ყოველთვის შეაქეთ ბავშვი იმისთვის, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა, რაღაცის გაკეთებას ცდილობდა. არ აქვს მნიშვნელობა, გამარჯვებითა და წარმატებით დაასრულა თუ არა კონკრეტული საქმე. მთავარია, მოინდომა. ისიც მიხვდება, რომ ცდა ყველაზე მნიშვნელოვანია და შემდეგ სასურველი შედეგიც მოვა. თუ მუდმივად გაუმეორებთ, რომ ძალიან ჭკვიანია და ყველაფერი ამიტიომ გამოსდის, შესაძლოა, საკუთარ თავზე მხოლოდ მარტივი, არაამბიციური საქმეები აიღოს, რაზეც ზუსტად ეცოდინება, რომ გამოუვა. თანაც ბავშვებს, რომლებსაც "ძალიან ჭკვიანის" იარლიყი აქვთ, ძალიან ეშინიათ წარუმატებლობის, დამარცხებაზე ფიქრის.

2. უთხარით, რომ მუდმივი მუშაობით ყველაფერი შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს

ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ მისი თანდაყოლილი ნიჭი და შესაძლებლობები რაღაც ფიქსირებული და უცვლელი არ არის. ისინი შეიძლება შრომისმოყვარეობით, მუდმივი ვარჯიშითა და მონდომებით სრულიად გარდაიქმნას. საკუთარი მაგალითით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ პიროვნული ზრდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ საკმარისად მოვინდომებთ და დაბრკოლებებს არ შევუშინდებით. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ ახლა რაღაც არ გამოსდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალშიც ასე იქნება. მთავარია, წინსვლა განაგრძოს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz