"საკუთარი შვილიც კი მძევლად ჰყოლია აყვანილი... ვინც თვალში მოხვდა, ყველას ესროდა" - ვინ არის ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. შს მინისტრის ინფორმაციით, 49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა.
"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს გომელაურმა, რომელიც საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.
ამასთან, გომელაურმა ვერ დააკონკრეტა, რა მიზეზით დატოვა 1974 წელს დაბადებულმა პირმა სამხედრო სამსახური.
"ძალიან მძიმე შემთხვევაა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს. გარდაცვლილია 5 ადამიანი, საიდანაც, სამწუხაროდ, 1 არის ჩვენი თანამშრომელი. 5 ადამიანი დაჭრილია, საიდანაც ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და არ ვიცით, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას გადარჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხდა. მოქალაქე, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა, სახლში მის შვილთან ერთად იმყოფებოდა (შვილი სრულწლოვანია). დაიწყო ჯერ ერთი მხრიდან სროლა და შემდეგ მეორე მხრიდან და ბავშვმა დატოვა სახლი. შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა“, - განაცხადა მინისტრმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
"თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ცნობილია ასევე, რომ მამაკაცი, რომელმაც რამდენიმე მეზობელი მოკლა, რამდენიმე კი დაჭრა, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა.
"ამ კორპუსში ვცხოვრობ, შემთხვევა ჩემს სადარბაზოში მოხდა. თავდამსხმელს ვიცნობდი, თუმცა რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. შოკში ვარ. როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გეკითხება: „დედა, როდის მოვკვდებითო“, ასეთ დროს, რა გინდა გააკეთო ადამიანმა?
მეძინა და სროლის ხმამ გამაღვიძა. მაშინვე ბავშვებს შევხედე. ხუთწუთიანი ინტერვალით ისროდა. ფანჯარასთან ვერ მივდიოდი, ბოლოს ხოხვით მივედი და რომ გადავიხედე, დავინახე ბიჭები ძირს ეყარნენ. ყველას ვიცნობ. როგორც ამბობენ, საკუთარი ბინის ორივე აივნიდან ისროდა - ხან ერთზე გადიოდა, ხან მეორეზე“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.