რა ცვლილებები ამოქმედდა 2022 წელს ქვეყანაში? | Allnews.Ge

რა ცვლილებები ამოქმედდა 2022 წელს ქვეყანაში?

მიმდინარე 2022 წელს საქართველოში არაერთი ცვლილება ამოქმედდა, რომელიც სხვადასხვა სფეროს შეეხო. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა ერთად შეეკრიბა ცვლილებათა ნაწილი, რომელიც ქვეყანაში უკვე ამოქმედდა.

1-ლი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა

1-ლი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. კერძოდ, ამ მოდელის თანახმად, DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.

სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლამდე შემცირდა

2022 წლის აგვისტოში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც აქამდე 4 წლით იყო განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით მიიღო.

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო

1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. შეგახსენებთ, რრომ აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. 2022 წლის პირველი ნოემბრიდან კი, ნებისმიერი ფიზიკურ პირს შეუძლაია სააგენტოს განცხადებით მიმართოს. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. ამ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია - პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.

2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ

იანვრიდან ხელფასები გაეზარდათ ჯარში, პოლიციაში. გარდა ამისა, ანაზღაურება გაეზარდათ, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. საჯარო სექტორში განხორციელდა 10%-იანი სახელფასო მატება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეთა ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება.

გაიზარდა პენსიები და დახმარებები

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრა 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი გახდა პენსია. ამასთან, იანვრიდან გაიზარდა დახმარებების რაოდენობაც. მკვეთრად გამოხატული შშმ პირთა და 18 წლამდე შშმ პირთა ყოველთვიური სოციალური დახმარება გაიზარდა 25 ლარით. ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიური 22-ლარიანი დახმარება გაიზარდა 100 ლარამდე. ამასთან, 1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარი გახდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz