"თაფლს დუღილი არ სჭირდება" - მარი მალაზონიას რჩევები საახალწლო სუფრის გაჯანსაღებისთვის | Allnews.Ge

"თაფლს დუღილი არ სჭირდება" - მარი მალაზონიას რჩევები საახალწლო სუფრის გაჯანსაღებისთვის

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს საახალწლო სუფრისთვის დამახასიათებელი პროდუქტების მომზადების სწორ წესებსა და იმ ნიშნების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, განმარტავს, რატომ არ შეიძლება მძაღე თხილეულის გამოყენება და თაფლის ადუღება:

"მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რა საფრთხე შეიძლება იყოს დაშიფრული სარიტუალო კერძებში. მაგალითად, ვისაუბროთ გოზინაყზე, სადაც რამდენიმე რისკია, რომლებიც წინასწარ უნდა გავითვალისწინოთ. პირველი - თუ თქვენ გოზინაყის მომზადებამდე დააგემოვნეთ ნიგოზი და მოგეჩვენათ, რომ ის მძაღე ან თითქოს ობის გემოთია, მაშინ ყურადღებით დააკვირდით, ეს იყო მხოლოდ ერთი ფრაგმენტი, თუ ეს ეხება რამდენიმე ნაჭერს. თუ ეს შეგრძნება განგიმტკიცდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი საეჭვოა. ცხიმის ამძაღება პროდუქტის ხარისხის გაუარესებაზე მიანიშნებს. სპეციფიკური გემო ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, სოკოს ვერ ხედავდეთ, მაგრამ პროდუქტის შიგნით იყოს. ასეთ შემთხვევაში, სოკოს მიერ გამომუშავებული შხამები სხვადასხვა სახის თხილეულში მომწამლავ ნივთიერებად ყალიბდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიფხიზლე და დაკვირვება გვჭირდება. თუ პროდუქტი არ არის სათანადო და ეჭვს აღძრავს, მისგან დამზადებული ყველა კერძიც საეჭვო იქნება. თუ არასათანადოდ შერჩეულ ნიგოზს თაფლთან კომბინაციაში გამოვიყენებთ, თაფლი არა თუ გაანეიტრალებს გემოს, არამედ უფრო გაამძაფრებს.

როდესაც ბადაგთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მესმის, რომ ძნელია, საკმარისი რაოდენობით ყურძნის წვენი გვქონდეს იმისათვის, რომ სუფთა ბადაგი მოვამზადოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყურძენსა და მისგან წარმოებულ პროდუქტებს განსაკუთრებული ქიმია აქვს და ბადაგი არ არის ბაზა, რომელსაც შეგიძლიათ ყველაფერი დაამატოთ. მაგალითად, ტყემლის, ღოღნაშოს, ქლიავის წვენი და ასე შემდეგ. ურთიერთშერევისა და შეხამებისას შეიძლება, ვიღაცას გემო უფრო მოსწონს, მაგრამ უმჯობესია, ჩურჩხელა ტრადიციული რეცეპტით მომზადდეს და მის მოსამზადებლადაც და ფელამუშისთვისაც სუფთა ბადაგი გამოვიყენოთ. იხილეთ სრულად