რუსეთიდან მასობრივი მიგრაცია აჩვენებს ჩვენს ტოლერანტობას, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური- სალომე ზურაბიშვილი
არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება. გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დასაშვებია რომ საზღვარი გახსნილი იყოს განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა იყოს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში „არასასურველი განზრახვები თავიდან იქნას აცილებული“.
დიპლომატების მიღების საღამოზე სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დიდი გამოწვევაა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, რუსეთი მუდმივად ცდილობს საკუთარი ნება-სურვილი მეზობლებს თავს მოახვიოს.
„შესაძლოა, ზოგიერთი ჯგუფი ფიქრობდეს, რომ კრიტიკა მიმართული იყოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და არა ოკუპანტის მიმართ, მაგრამ ოკუპაცია რჩება მთავარ გამოწვევად. ეს, ასეა! რუსეთის ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ესენი არიან მოქალაქეები, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ. მათ ამ გამოწვევებთან ერთად უწევთ ცხოვრება, მათსავე ენასთან და იდენტობასთან დაკავშირებით. ისინი არიან ამ მობილიზაციის მსხვერპლნი, ასევე უწევთ მუქარის ატანა. მათ აწვდიან ინფორმაციას, რომ საქართველომ შეიძლება ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს არ ხდება ტერიტორიების უკან მიტაცებით. ეს სხვა ადამიანების მიდგომაა.
ასევე არის კიდევ ერთი გამოწვევა,რომელიც რუსეთიდან მასიურ მიგრაციას ეხება. გამოწვევა, რომელიც გარკვეულწილად შესაძლებლობაა, რადგან ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რას ნიშნავს ქართული ტოლერანტობა, ქართული სტუმართმოყვარეობა, მაგრამ სტუმართმოყვარეობა არ უნდა იყოს სულელური. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, რომ სრულიად გავაკონტროლოთ ის, რაც ხდება. კი ბატონო, გვქონდეს საზღვრები გახსნილი, განსაკუთრებით რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან, მაგრამ ამავდროულად, უნდა გავიაზროთ, რომ გვქონდეს სწორი კანონმდებლობა, შესაბამისი რეგულაციები იმისათვის, რომ მომავალში არასასურველი განზრახვები თავიდან ავირიდოთ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის მხრიდან დიდი გამოწვევები არსებობს არამხოლოდ საქართველოსთვის არამედ, მთელი ევროპისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების დრო მოვა „ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე“.
„რა თქმა უნდა, მოვა მოლაპარაკებების დრო და ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის ხელში. როდესაც ეს დრო მოვა, თუ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ 1992, 2008, 2014, 2022 წლების სცენარების განმეორებას და ბევრი სხვა აგრესიის განმეორებას, რომელიც ჩვენი მეზობლების მიმართ ხდებოდა რუსეთის მხრიდან - ცხადი უნდა იყოს, რომ ოკუპაცია აღარ არის მისაღები ევროპის კონტინენტზე. ვისაც მართლა სურს რეალური მშვიდობა და მოლაპარაკებები, პირველ რიგში უნდა აღიაროს ეს და შემდგომ ვისაუბროთ ამ საკითხებზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.