მასშტაბური ხანძარი აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. ხელმძღვანელობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში ტყის მასივი იწვის. ადგილობრივების თქმით, საუბარია 30 ჰა ფართობზე გაჩენილ ხანძარზე, რომლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. გაგრის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბგანბა ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ გაგრის რაიონის სოფელ მამზიშხაში (მთა-მზიური) ხანძარი 12 დეკემბრის დილით შენიშნეს, რა დროსაც ცეცხლი უკვე 10 ჰა მიწის ფართობზე იყო გავრცელებული. მთელი დღის განმავლობაში მისი მასშტაბი იზრდებოდა და ღამის 12 საათისთვის, უკვე ტყის მასივის 30 ჰა-ს მოედო.
"სამწუხაროდ, მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაციისთვის ჯერჯერობით ვერაფერს ვახერხებთ, რადგან მისადგომად რთული ადგილია, ავიაცია კი არ გვყავს. თუმცა, ვახორციელებთ მუდმივ მონიტორს და რეაგირებისთვის მზად ვართ... ამ ეტაპზე ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება" - წერს abkhaz-auto.ru ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
გაგრის რაიონში ტყის მასივში ხანძრის გაჩენამ ეჭვები და მწვავე კრიტიკა გამოიწვია ადგილობრივებში. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რეგიონში მოკავშირე რუსეთი გრანდიოზულ პროექტს ახორციელებს, ამ ამბავს ტყის ხანძრები გასდევს ფონად.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მამზიშხაზე ხანძარი გაჩნდა - 2019 წელს იმავე ტყის მასივში ცეცხლი 40 ჰექტარზე იყო გავრცელებული და ვიდრე საფრთხე მოსახლეობას არ შეექმნა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ისევ მონიტორით იყო დაკავებული. შემდეგ კი, რუსეთს სთხოვეს ვერტმფრენების გამოგზავნა.
ადგილობრივი გიორგი კეშიშიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცივ ზამთარში ადამიანები ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე იტანჯებიან, მათ ტყეში შეშის მოჭრის უფლებას არ აძლევენ. იხიელთ სრულად