"ნეტა ასე გამოიყურებოდეს... მეტი პასუხისმგებლობა მართებთ" - "ფორმულა" კლინიკიდან სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს
გუშინ "ფორმულამ" მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ ფოტოები ახლია, თუმცა შემდეგ ტელეკომპანიამ ჩასწორება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოტოები აგვისტოშია გადაღებული.
ფოტოების გავრცელების ფაქტს კრიტიკა მოჰყვა ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებისგან. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გაცილებით რთულ მდგომარეობაშია და ამ კადრების ჩვენება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა:
ეკა ხერხეულიძე:
"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი - ფოტო, რომელიც გავრცელდა, არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ.
ნეტა, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია იმედია, შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები - ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა".
ხატია დეკანოიძე:
"მეგობრებო, არავის შეუძლია ვიზიტორებისგან სააკაშვილის სურთების გადაღება. არც მე და არც სხვა დეპუტატებს. ჩვენ ვტოვებთ გარეთ ყველა პირად ნივთს. გავდივართ მაქსიმალურ შემოწმებას დაცვასთან ერთად. გაუგებარი კომენტრები იწერება, რომ მე ან სხვას დღევანდელი მიშას მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლია. ეს არის კანონის დარღვევა და ამას ვერავინ შეძლებს. დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდათ, ვიდრე სურათზე. ბევრად, ბევრად ცუდათ".
სიუჟეტის ავტორი, სადაც ექსპრეზიდენტის ფოტოები უნდა იყოს ნაჩვენები, ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია, რომელმაც მოგვიანებით ახსნა, რომ თარიღი თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული:
"მეგობრებო, ჩასწორდა და დაიდო ზუსტი თარიღი, როდის არის ფოტოები გადაღებული, ეს არის 2022 წლის 29 აგვისტოს ფოტოები, ხვალინდელ გადაცემაში ამ ყველაფერს ავხსნით აუცილებლად.
აქ მე მგონი მთავარი ის არის, რომ ამ ფოტოებშიც უკვე ჩანს, რომ ცუდადაა, მაგრამ ახლა ის გაცილებით უარესედაა და როგორც მისი მნახველებიც ამბობენ, შედარებაც კი არაა მის ახლანდელ მდგომარეობასთან. ოთხშაბათს იმედია მოგვეცემა საშუალება, რომ დავინახოთ მისი კადრი ვივამედიდან" - დაწერა ბაღაშვილმა.