"ბედნიერი დედობა ვუსურვოთო... ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა" - როგორ ეხმაურებიან 12 წლის მოზარდის მშობიარობას უფლებადამცველები?
გუშინ, თბილისში, 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. გოგონა კატასტროფის ბრიგადამ კლინიკაში რუსთავიდან გადაიყვანა. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ, საბედნიეროს ამჟამად დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.
12 წლის მოზარდის ორსულობსი შესახებ ცნობილი ერთი კვირის წინ გახდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონამ 16 წლის ვაჟისგან გააჩინა. პოლიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს მოზარდები. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს და საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.
მომხდარზე აღშფოთებულია საზოგაოდება. უფლედამცველები ამბობენ, რომ სწორედ იმიტომ არის სქესობრივი განათლების შეტანა სასწავლო პროგრამაში აუცილებელი, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ.
ფემინისტური ორგანიზაცია "ფემინას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი წერს:
- აქაც იყოს, საჯარო იყოს! რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი?! გული გამისკდება გეფიცებით, ბედნიერი დედობა ვუსურვოთ რაღა დაგვრჩენიაო, სუფრა გაიშალეს და სადღეგრძელოებს ჰყვებიან ფეისბუქზე ნიუსებში. ვერა, ვერ იქნება ბედნიერი ვერასდროს, როდის უნდა ვისწავლოთ რეალობის დანახვა?! ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, ბავშვი, რომელმაც არც მაშინ იცოდა რა სჭირდა, როცა მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და არც ახლა, როცა არც იცის, რომ ვიღაცაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მაშინ, როცა თავზეც ვერ აუღია, ბავშვი, რომელსაც საკეისრო ხალხის დახმარებით გაუკეთეს.
ვერასდროს იქნება ბედნიერი ბავშვი, რომელმაც იმშობიარა, მითუმეტეს ბედნიერი დედა ვერ იქნება, ვერასდროს, რადგან მასაც და მის ბავშვსაც ხშირად მოსწყურდებათ და მოშივდებათ, კარგა ხანს ვერ გაიგებს კიდევ რა ხდება მის თავს, რატომ უნდა უცვალოს თოჯინის მაგიერ პამპერსები რეალურ ბავშვს. ბავშვები, ბავშვი დედები, რომლებსაც ეს დამპალი პატრიარქატი ბავშვობას ართმევთ, ვეღარასდროს იქნებიან ბედნიერები! ეს ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ!..
იდა ბახტურიძე, "ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორი:
- 12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა და 14 წლის გოგო გააუპატიურეს, რომელიც ამ ყველაფრის მერე მამამისმა სასტიკად სცემა. სქესობრივ განათლებას და გაუპატიურების კანონს თუ რამე არ ვუშველეთ, კატასტროფა ხდება გოგოების და ქალების თავს...
"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" აღმასრულებელი დირექტორი, ანა არგანაშვილი:
- 12 წლის და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას და როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა - ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იქ სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, უფრო გვიან იწყებენ სქესობრივ აქტივობას.