"არ მინდა, ახალმა თაობამ ის გამოიაროს მუსიკალურ კონკურსებში, რაც მე გამოვიარე" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკულ ცხოვრებაზე, ქართულ პროექტებსა და ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე | Allnews.Ge

"არ მინდა, ახალმა თაობამ ის გამოიაროს მუსიკალურ კონკურსებში, რაც მე გამოვიარე" - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკულ ცხოვრებაზე, ქართულ პროექტებსა და ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე

"კვირის პალიტრის" დღევანდელ რესპონდენტს ბევრი იცნობს, არა მხოლოდ მთელი საქართველო, არამედ - მის საზღვრებს გარეთაც. მისი შემოქმედებითი ცხოვრება ქართული მუსიკალური პროექტებით დაიწყო, შემდეგ უკრაინულ “ვოისში” გაიმარჯვა და ამერიკის კონექტიკუტის შტატის "ნიჭიერშიც" შეძლო თავისი ნიჭის საზოგადოებისთვის დამტკიცება. 16 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ახლა ახალი ტურნესთვის ემზადება, კიდევ უფრო მეტ ადამიანს უნდა გააცნოს თავი, აპირებს, საქართველოს სახელით მთელ ამერიკას დაუმტკიცოს, რომ შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

- ალექსანდრე, გვითხარი, როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?

- საქართველოს ცხოვრებისგან 100%-ით განსხვავებული, სრულიად სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. როცა ვადარებ წარსულსა და აწმყოს, ვხვდები, რომ თითქმის ყველაფერი შეიცვალა.

- რას საქმიანობ ამერიკაში, როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება?

- იმდენად სპონტანური ხასიათი და პროფესია მაქვს, სტაბილური დღეები იშვიათია, სულ სიახლეების მოლოდინში ვარ, სულ ახალი პროექტები და შანსი ჩნდება. 19 ნოემბრიდან ამერიკის მასშტაბით მუსიკალური ტური მეწყება, პირველი ნიუ-ჯერსი იქნება, შემდეგ - ფილადელფია და ასე. ახლა მოლაპარაკებების პროცესი მიდის, რომ მთელმა ტურნემ კარგად ჩაიაროს. ყველაფერი ნელ-ნელა იგეგმება, ზუსტად გადაწყვეტილია ნიუ-ჯერსი და ფილადელფია.

ყოველდღიურობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა 16 წლის ვარ, დავდივარ სკოლაში, ვესწრები ონლაინგაკვეთილებს, საქართველოში რომ ვიყავი, ჩემი დაწყებითების მასწავლებელი მეხმარებოდა, რომ კლასიდან-კლასში გადავსულიყავი, მასთან მივდიოდი და ვმეცადინეობდი ხოლმე. ღვთის წყალობით, გამომდიოდა, აქ სხვანაირი გრაფიკი მაქვს და სწავლა ონლაინაა.

- მოდი, თავიდან დავიწყოთ და მივყვეთ შენი წარმატების გზას, როდის დაიწყო შენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- დაიწყო მაშინ, როცა დავიბადე. თურმე, რომ გავჩნდი, ბევრი მიტირია და ექთანმა უთხრა დედას, ეს ისეთი წკრიალა ხმით ტირის, აუცილებლად მომღერალი იქნებაო. აი, მაშინ იწინასწარმეტყველეს ჩემი სასიმღერო კარიერა. 3 წლის ვიყავი, როდესაც გუნდში დავიწყე სიმღერა - ჩემი და სოფელში, მუსიკალურ გუნდში დადიოდა, დედამ დის საყურებლად წამიყვანა, თან დედასაც რაღაც საქმეები ჰქონდა მოსაგვარებელი. დამსვეს ოთახში და ბავშვების მოსმენა დამავალეს, გუნდმა სიმღერა დაიწყო, მეც ჩემთვის ავყევი, პედაგოგი იყურებოდა და არკვევდა, ვინ მღეროდა, იქვე მე შემამჩნია, ხმა შემიმოწმა და გუნდშიც დამტოვა. აი, იმ დროიდან დაიწყო ყველაფერი.

zazarashvilii-1669193918.jpg

- უკრაინული ვოისის გამარჯვებული ხარ, როგორ მოხვდი ამ პროექტში, მოხვდი და თან გაიმარჯვე…

- მინდა, ხალხს ახსოვდეს, რომ მე ჯერ ქართულ კონკურსებში ვცადე ბედი. მონაწილეობას ვიღებდი, მინდოდა, სადმე გამემარჯვებინა, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, ვერ შევძელი. ერთ-ერთი ქართული პროექტის შემდეგ უკრაინაში წავედი. ბულგარეთში ვმონაწილეობდი კონკურსში, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. იქ ქართველ-უკრაინელმა პროდიუსერმა - გრიგოლ ჟღენტმა დამინახა, მოვიდა გამესაუბრა, ამ შეხვედრის შემდეგ დავახლოვდით, საქართველოშიც ჩამოვიდა. გრიგოლმა ჩემში დიდი პოტენციალი დაინახა, უნდოდა, რომ მცირედით დამხმარებოდა და უკრაინის შოუ ბიზნესისთვის გაეცნო ჩემი თავი. იმ წელს საქართველოს ერთ-ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, არაფერი გამოვიდა და უკრაინაშიც ვცადე ბედი. მივედით თუ არა, იმდენად ნიჭიერი ბავშვები დამხვდნენ, ვიფიქრე, ღმერთო, გადმომხედე-მეთქი. ქასთინგზე მკითხეს, ახლა რომ პირველ ტურში გადიოდე, რას იმღერებდიო, დაუფიქრებლად ვუპასუხე - all by my self-მეთქი. ჩემი ნამღერი მოეწონათ, წამოვედი და საქართველოში დავბრუნდი.

მალევე გრიგოლ ჟღენტი დამიკავშირდა და მითხრა, რომ არჩეული ვიყავი და ახალი ეტაპი იწყებოდა. რთული გზა გავიარეთ, ფინანსურად რთული იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ დამხმარებოდნენ და რამდენჯერმე წასვლა-წამოსვლის და დარჩენის ხარჯები აენაზღაურებინათ. იქ ვერ ვრჩებოდი, ჩავდიოდი და უკან ვბრუნდებოდი ხოლმე, ერთი წლის განმავლობაში, ხან საქართველოში ვიყავი, ხან - უკრაინაში. ბევრი ვიშრომეთ და ფინალამდეც მივედი.

ქართულ პროექტებში ვერ ვიმარჯვებდი და უკრაინაში გამარჯვებაზე არც კი ვოცნებობდი. როდესაც რამდენჯერმე დავმარცხდი, სხვა პრიორიტეტები წამოიწია წინ, ვფიქრობდი, რომ ყველა პროექტი დიდ გამოცდილებას მომცემდა და გამარჯვებაზე ფიქრი შევწყვიტე. კონკურსებში მონაწილეობის მიღება პატარა ასაკიდან დავიწყე. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს და ჩემს გზას გადის, მათთვის ვიტყვი, რომ ადამიანის ყველა ქმედება იმიტომ ხდება, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, თუმცა რაღაცებს ჩემს წარსულში შევცვლიდი, მაგალითად, ჩემი ნომერ პირველი მიზანი გამარჯვება არ იქნებოდა, ჩემს თავს დავაჯერებდი, რომ ამდენი კონკურსიდან პირველი ადგილი კი არა, ცოდნა და გამოცდილება უნდა წამომეღო. უკრაინულ "ვოისში" ბევრი ცნობილი ადამიანი გავიცანი, მთელმა საქართველომ და უკრაინამ გამიცნო, ამის შემდეგ კი პროექტში გავიმარჯვე. გამარჯვების მიღმა, ცოდნა, გამოცდილება და ბევრი მეგობარი შევიძინე.

უკრაინულ "ვოისში" ერთ უცნაურობას წავაწყდი. ცალკე ოთახში ფსიქოლოგები ისხდნენ, რომლებიც გვესაუბრებოდნენ, რამდენად მზად ვიყავით პროექტში მონაწილეობის მისაღებად. კარგი იქნებოდა, ქართულ პროექტებში ერთი ფსიქოლოგი ბავშვებთან რომ მუშაობდეს. ბევრი სტრესი გამოვიარე და ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ამ დროს ფსიქოლოგის გვერდში დგომა. განაგრძეთ კითხვა

myquiz