"იმ საშინელი დღის შემდეგ მხოლოდ 36 დღე იცოცხლა" - ტრაგიკულად დაღუპული ვარსკვლავის ამბავი: როგორ იხსენებს ლელა სიხარულიძეს უახლოესი მეგობარი?
ნიჭიერ მომღერალს ლელა სიხარულიძეს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ქართულ საესტრადო სცენას ძალიან უხდებოდა. მისი ნამღერი მსმენელს უყვარდა. ნიჭიერი, მშრომელი და საქმეზე ორიენტირებული მომღერალი სამწუხაროდ 36 წლის ასაკში გარდაიცვალა - ტრაგიკული შემთხვევას ემსხვერპლა... ხანძრის შედეგად სხეულის დიდი პროცენტი ჰქონდა დამწვარი. ექიმების დიდი მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...
ლელა სიხარულიძის უახლოესი მეგობარი დიზაინერი მარინა ხორავა ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს ჩვენთან საუბარში ასე იხსენებს:
- უახლოესი მეგობრები ვიყავით, ჩვენი მეგობრობა სტუდენტობიდან მოდიოდა. ბოლო წლებში კი განუყრელი მეგობრები გავხდით, თან, მისი დიზაინერიც გავხდი. მოწესრიგებული ადამიანი იყო, გემოვნებიანი ჩაცმა ძალიან უყვარდა. ამას დიდ ყურადღებას აქცევდა. სახლშიც კი მუდმივად მოწესრიგებული იყო და მით უმეტეს, სცენაზე... ასე რომ, ვთანამშრომლობდით კიდეც. სტუდიაში მის ჩაწერებსაც ვესწრებოდი, რომ საკონცერტო კოსტიუმი უკეთესად წარმომედგინა, რომ შემექმნა.
საერთოდ, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. მე სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, ლელას პედაგოგიური ჰქონდა დამთავრებული. ისტორიკოსი იყო, კარგად იცოდა თავის საგანი... ჩვენ შორის თავიდანვე სიმპათიებით განწყობილი ურთიერთობა დაიწყო. 90-იანების ბოლოს კი ჩვენი გზები სერიოზულად გადაიკვეთა. გემოვნებით კი განვსხვავდებოდით, მაგრამ როგორც იტყვიან, - „ხარი ხართან რომ დააბაო“... ერთი-ორჯერ მარინა ბერიძემ უთხრა კიდეც, როგორ დაგეტყო შენი დიზაინერის ხელიო... კლასიკური, დედოფლური, ჩაცმა უყვარდა. მე ჯინსებზე გადავიყვანე, რადგან უფრო ქეჟუალის ტიპაჟი ვარ. მენდობოდა და წამომყვა.
- ბევრს დღემდე ახსოვს "ბერიკონში" გამართული მისი სოლო კონცერტი...
- იმ პერიოდისთვის ის პირველი კოსტიუმირებული კონცერტი იყო საქართველოში. 1998 წელს ჩატარდა, მისი გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, თუმცა კონცერტისთვის მზადება და აქტიური მუშაობა 1997 წელს დავიწყეთ - სიმღერების ჩაწერა, კოსტიუმები შეკერვა. „პრიმერკაზეც“ საოცრად მოწესრიგებული მოდიოდა. ვფიქრობდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით, რა და როგორი გვინდოდა. ყველა სამ სიმღერაში, ახალი კოსტიუმი ჰქონდა. ამას შექმნა უნდოდა... ერთ-ერთი მწვანე კაბა, მკერდზე ბევრი ყვავილით გაფორმდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ იმ კაბით დაიკრძალა კიდეც. ცხადია, ის კოსტიუმი მანამდე კონცერტზე ეცვა. ისეთივე შთამბეჭდავი იყო შავი კაბაც, რაღაც გრანდიოზული. იმ კოსტიუმების კეთების პროცესში ბედნიერი იყო...
კონცერტის რეჟისორი დათო დოიაშვილი გახლდათ. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუმცა მანამდე ძალიან ნერვიულობდა, უდიდესი პასუხისმგებლობას გრძნობდა, თან, ბედნიერი იყო. გარდა იმისა, რომ უნდა ემღერა, თან კულისებში კოსტიუმების გამოცვლა უწევდა. უნდოდა, ყველაფერი მაღალ ხარისხში უნდოდა, ჰქონდა და მისი ემოციებიც გასაგები იყო. მეორე კონცერტი „ოქროს ნალში“ ჩატარდა, მაშინაც ისეთივე განცდები ჰქონდა. ის სხვა მასშტაბის და სხვა ფორმატის კონცერტი გახლდათ. სტუმრებს როგორც დიასახლისი ისე ხვდებოდა, თან სუფრასთან უმასპინძლდებოდა და თან, მღეროდა... 2 კვირაში კი მოხდა ის, რაც მოხდა.
- იქნებ ის მძიმე დღეებიც გაიხსენოთ?
- ის დაიწვა, რაც შემთხვევითობის ამბავი იყო, გენერატორი აფეთქდა და რეალურად ამას ემსხვერპლა. მერე იმ აალებულ სიტუაციაში ოთახში შესვლა სცადა, ახალი შექმნილი კოსტიუმები იყო და მისი გადარჩენა უნდოდა, იყო ასევე რაღაც ნივთები, მათი გამოტანა სცადა და ამასობაში ყველაფერი აალდა. ალი ნაყლაპიც ჰქონდა და სხეულის დიდი პროცენტი დაეწვა... ის დამწვრობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დიდხანს იცოცხლა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა. ბოლომდე გონებაზე იყო, ნერვიულობდა, რაც მთავარია, სახე არ ჰქონდა დამწვარი. სანახავად საავადმყოფოში რომ მივდიოდი, ვამშვიდებდი, ვაწყნარებდი, - ექიმებს დაუჯერე, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი...