"ალექსანდრე ვერსად დავტოვე და შეხვედრაზე წამოვიყვანე" - დედა შვილთან ერთად საქმიან შეხვედრაზე (ფოტოები)
დედების ნაწილისთვის შვილის აღზრდასთან ერთად სამსახურის შეთავსება საკმაოდ რთული გამოწვევაა. მარკეტინგის სპეციალისტი გვანცა ბუჯიაშვილი საზოგადოებას თავის გამოცდილებას უზიარებს და გვაჩვენებს, რომ საქმიან შეხვედრებზეც კი შეიძლება იაროთ პატარასთან ერთად.
გვანცა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა ალექსანდრე ვერსად დატოვა, ამიტომ შეხვედრაზე წაიყვანა:
"ბავშვთან ერთად ვერ წავალ საქმეზე - არაფერს დამაცდის, სირცხვილია, ვინმეს შეაწუხებს…დღეს ალექსანდრე ვერსად დავტოვე, ამიტომ შეხვედრაზე წამოვიყვანე.ასე ბევრად უფრო მშვიდად ვიყავით მეც და ისიც.
ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ თვლიან, რომ დედებს, რომლებსაც პატარები ჰყავთ, მუშაობაში ხელი ეშლებათ, ან რაიმე არ შეუძლიათ.მე კი გეტყვით, რომ ჩვენ, დედები, რომლებსაც პატარები გვყავს და თან, არასოდეს ვჩერდებით თქვენზე მეტად ძლიერები, მოტივირებულები და შესაძლებლობებით აღსავსენი ვართ!
შეწყვიტეთ, თუკი ვინმე ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ვინმეს ხელს შეუშლის! რადგან თუ რომელიმე ადამიანი ასე ფიქრობს, ის არც თანამშრომლად, არც დამსაქმებლად და მითუმეტეს, არც მეგობრად არ გამოდგება არასდროს.ბავშვები ხელს არ გვიშლიან! ისინი გვაძლიერებენ! ისინი ჩვენი მომავალია, რომელთა სწორად აღზრდა და ყურადღება ყველაზე დიდი საქმეა სხვა უამრავ საქმეს შორის!
P.s მადლობა ყველა კომპანიას სადაც ვმუშაობ, რომ მათ არაჩვეულებრივ სამუშაო გარემოში მე და ალექსანდრეს არასოდეს გვაქვს კოლაბორაციული მუშაობის პრობლემა", - წერს გვანცა ბუჯიაშვილი.