ბერა ივანიშვილის ბრაზილიური ცხოვრება - მილიარდერის ვაჟის ოჯახის ფოტოები "ცეცხლოვანი ქვეყნიდან"
2021 წელს ბერა ივანიშვილი ცოლთან და შვილთან ერთად საქართველოდან სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეპერი ვაჟი მაშინ ამბობდა, რომ მუსიკალური კარიერის გაგრძელებას საქართველოს ფარგლებს მიღმა აპირებდა.
იმ დროს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის პიკი იყო. ბერა და ნანუკა, პერიოდულად, სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, სადაც ჩანდა, რომ ისინი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ, აღნიშნავდნენ დაბადების დღეებს, იღებდნენ სტუმრებს საქართველოდან. ბერამ სამხრეთ კორეა ისე დატოვა, რომ მისი ახალი მუსიკალური პროდუქტი საზოგადოებას არ უნახავს.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბერა და ნანუკა, შვილთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობენ. წყვილი ამჯერად რიო დე ჟანეიროს ლაჟვარდოვანი სანაპიროდან აქვეყნებენ ფოტოებს.
ივანიშვილის ვაჟისთვის ბრაზილია უცხო ქვეყანა არ არის. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბერამ ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.
ერთ-ერთ ბოლო პოსტზე, რომელიც ბერამ ბრაზილიიდან გამოაქვეყნა, მუსიკოსი წერს, რომ ბედნიერია, რომ მისი შვილი "ზეიმის ატმოსფეროში იზრდება".