6 შვილი, 14 ათას ლარიანი ხელფასი და წინსწრებით დაფარული 82 ათას დოლარიანი სესხი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი
2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. მან კომისიის წევრის თანამდებობა მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავა. სემეკის კომისია სულ 5 წევრისგან შედგება, რომელთაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს.
გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან საქმიანობს. პირველი ვადით კომისიის წევრად 2015 წელს აირჩიეს. საჯარო მოხელეს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი, ის ცნობილი ტელეწამყვანის ეკო ფანგანის ძმაა.
"ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია. 18 წლის ასაკში დაქორწინდა. მგონია, რომ ძალიან კარგი მამიდა ვარ. ბავშვები ჩემზე გიჟდებიან. ერთ-ერთი ძმიშვილი ჩემს გულზე გაიზარდა, სულ გულზე მეწვინა. ძალიან ხშირად არიან ჩვენთან და ბავშვებთან ერთად ხან სად დავდივარ, ხან სად. დამყავს ჩემი მეგობრის შვილებთან, სხვადასხვა საბავშვო დღესასწაულებზე... გოგონა ყველგან ამბობს – ეკო ფანგანს თუ იცნობთ, მისი ძმიშვილი ვარო. ძალიან ამაყობს ჩემით!" - ამბობდა ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში...
გიორგი და ეკო ფანგანები წლების წინ
ეკოს და გიორგის მამა დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობდა და თურქეთის საელჩოს მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო. ოჯახი ანკარაში ცხოვრობდა და მაშინ 90-იანი წლები იდგა.
"საქართველოში ურთულესი წლები იყო, თბილისში რომ ეზოებში ცეცხლს ანთებდნენ და ჩაიდნებით წყალს ადუღებდნენ, არ იყო – შუქი, გაზი, წყალი... ჩვენ ამ დროს თურქეთში კარგი პირობები გვქონდა, მაგრამ მაინც არ მსურდა იქ ყოფნა. ჩემი სკოლა და მეგობრები მენატრებოდა. ამიტომაც ვერ ავიტანე იქ ყოფნა და ცოტა ხანში წამოვედი. დავბრუნდი უშუქობაში, ყინვაში და უბედურებაში... ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. ორი ბებია და ბაბუა მყავდა და თანაბრად ვიყავი ხან ერთგან და ხან მეორეგან. მოგეხსენებათ, რაც არის ბებია-ბაბუას წეს-ჩვეულება და მეც ბევრად უფრო მეტად მანებივრებდნენ, ვიდრე მშობლები. უფრო მეტად ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ. თურქეთში მხოლოდ ექვსი თვე ვიყავი. ჩემი მშობლები ხუთი წელი იქ ცხოვრობდნენ და მე ზოგჯერ ჩავდიოდი ახალ წელს ან საზაფხულო არდადეგებზე" - იხსენებდა მოგვიანებით ეკო ფანგანი.