რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე
მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა ქართულ მოდაში თავისი სიტყვა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო წლებში თქვა. საზოგადოებისთვის ცნობილი თავისი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანს. მედიის საშუალებით საზოგადოებას თითქმის აღარ ეკონტაქტება.
რა მოხდა, სად გაქრა და საერთოდ რას აკეთებს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი - თათა ვარდანაშვილმა AMBEBI.GE-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:
- მეც მინდა, 2000-იან წლებში დაბრუნება მენტალურად, მაგრამ ცნობიერად მიძნელდება... როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გუშინ ძველ თბილისში დავდიოდი და ერთ პატარა, მიტოვებულ სარდაფს ვეძებდი, რომელსაც დავიქირავებ, ან ვიყიდი და ცხოვრებას ახლიდან დავიწყებ... მერე სახლში რომ დავბრუნდი, პირველი ზარი შენი იყო, გადავწყვიტე, ინტერვიუზე დაგთანხმებოდი. ძირითადად, ჟურნალისტებს უარს ვეუბნები...
გუშინ ჩემი ბავშვობის ქუჩები მოვიარე, სადაც სკოლის მოსწავლე დავდიოდი და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. ვიხსენებდი ჩემს ბავშვურ ოცნებებს, შთაგონების წყაროებს. ეს ცნობიერება მთაწმინდიდან იწყება, რადგან მამა მამა დავითზე მატარებდა და გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებაზე მიყვებოდა. მამაზე ადრეულ წლებში ინტერვიუებში ხშირად ვსაუბრობდი, მაგრამ სამწუხაროდ, მასზე ახლა წარსულში მომიწევს ლაპარაკი. შარშან ნოემბერში გარდაიცვალა. ახლა 6-ში წლისთავია... ადრე რასაც ვაკეთებდი, ყველაფერი იმისთვის იყო, რომ მამა გამეხარებინა. გუშინ ვფიქრობდი, მამაჩემმა ასეთი რომ მნახოს, როგორიც ახლა ვარ, გავუხარდები?!. მოდი, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მამა გავახარო... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა ფეხი და სიარული მიჭირს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი და გარეთ ამიტომ გავედი...
- ფეხის ტკივილს რა იწვევს?
- მარჯვენა ფეხის ტერფში განლეული მაქვს ხრტილი. როდესაც 2015 წელს იძულებული გავხდი, სამსახურიდან, ანუ ფაბრიკიდან წამოვსულიყავი, ორ თვეში ხერხემლის საშინელი ტკივილი დამეწყო...
როდესაც სახელმწიფოს ჩემი სასწავლებელი გადავეცი, სადაც სამხედრო სამრეწველო კომპლექსი დაარსდა, იქ 2010 წლიდან 2015 წლამდე სამხედრო პროდუქციას ვაწარმოებდით, სამხედრო ეკიპირებას ვკერავდით. ბათინკი რთული ტექნოლოგიური პროცესით მზადდებოდა. მიმდინარეობდა პოლიურეთანის გამდიდრების პროცესი. ამ ტექნოლოგიური პროცესის დანერგვა მარტოს მიწევდა. ფაქტობრივად, ვსუნთქავდი რთულ ტოქსიკურ ნივთიერებას, წარმოებიდან პრაქტიკულად არ გამოვდიოდი, ღამის 4 საათამდე ვიყავი ხოლმე. სანამ იმ სივრცეში ვიყავი, ვერ ვგრძნობდი. საბოლოოდ, ის ტოქსიკური ნივთიერებები ხერხემალში ჩამეკირა, რამაც საშინელი ტკივილი გამოიწვია, გადაადგილება შემეზღუდა და კუნთების ატროფიამდე მივედი. ვეღარ დავდიოდი, საჭესთან ვერ ვჯდებოდი...
მერე ვივარჯიშე, თავი ვაიძულე, რომ სიარული თავიდან მესწავლა, თხილამურებზე თავიდან დავმდგარიყავი, ბედნიერი ვიყავი, როცა ცურვა შევძელი. ეს ყველაფერი ჩემს თავშიც გადავლახე.
- რა რთული ამბები გადაგიტანია. არ არის მარტივი მოსასმენი... საბოლოოდ იპოვე სარდაფი, რასაც ეძებდი?
- ჯერ ვერა, მაგრამ ჩემს თავს დავპირდი, მიუხედავად იმ ძლიერი ტკივილისა, როგორღაც ჩემს გზას უნდა დავუბრუნდე. სადღაც უნდა მოვძებნო პატარა სივრცე, როგორც ადრე მოვძებნე და საიდანაც დავიწყე კიდეც კარიერაში ნაბიჯების გადადგმა... მინდა, დავუბრუნდე, ჩემს შემოქმედებით მოღვაწეობას. იმას, რაც შემოქმედებიდან პედაგოგობამდე გავიარე. იხილეთ სრულად