რა ახალი რეგულაციები შეიძლება შემოვიდეს აგრესიული ჯიშის ძაღლებთან მიმართებაში?
ძაღლების მეპატრონეებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა, ასევე ტერიტორიები, სადაც დღის კონკრეტულ მონაკვეთში აგრესიული ჯიშის ძაღლების შესვლაზე შეზღუდვა იქნება. კონკრეტულად რა ინიციატივებზე მიმდინარეობს მუშაობა და როგორი იქნება მათი კონტროლის მექანიზმი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტი, კახაბერ იოსელიანი ესაუბრა.
- ბატონო კახაბერ, როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, შეიქმნას ნუსხა, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლების ჩამონათვალი შევა. გარდა პიტბულისა, რომელი ჯიშის ძაღლები შეიძლება მოხვდნენ აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაში და კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები იქნება დაწესებული?
- რაც შეეხება აგრესიული ჯიშის ძაღლებს, სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დაინტერესებული პირების მხრიდან სრული კონსენსუსია, რომ უსაფრთხოების ნორმები არსებობდეს, რათა ფატალური შედეგები არ დადგეს.
განიხილება რამდენიმე ალტერნატივა, ერთ-ერთია ნუსხის განსაზღვრა და ის, რომ ცალკეული ჯიშების მიმართ დადგინდეს გარკვეული ტიპის შეზღუდვა, უსაფრთხოების ვალდებულებების გამოყენება, ან ჯიშების გამრავლების და ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვა.
მესამე ალტერნატივაა, რომ სავალდებულო იყოს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან. ამასთან, შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს მეპატრონეს. ამ ვარიანტების განხილვა მიმდინარეობს. ჩვენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას გავეცანით, რა პრაქტიკაც აქვთ იმის მიხედვით ვმსჯელობთ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც შინაური ცხოველებისადმი სიყვარულით და უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევიან, საერთოდ აკრძალულია გარკვეული ჯიშები, მაგალითად პიტბული და სხვა აგრესიული ჯიშები.
- რა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება აგრესიული ტიპის ძაღლების ნუსხა?
- სხვა ქვეყანაში აკრძალვები ჰაერზე არ არის შედგენილი. არსებობს კვლევები, მეცნიერულად დასაბუთებული, რაც გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ გარკვეული ჯიში აგრესიულია და მაღალ რისკებს შეიცავს.
სპონტანურად არ ხდება ამ ჯიშების შედგენა. მაგალითად, სამეზობლო თუ იტყვის, რომ ეს ჯიში აგრესიულია და ავკრძალოთ - არა, ასე არ ხდება. მსოფლიოს გამოცდილების მიხედვით ხდება ჯიშების შერჩევა. ამ ყველაფრის მიზანია მოქალაქეებისთვის და ცხოველებისთვის ჰარმონიული თანაარსებობის გარემო იყოს. აგრესიული ჯიშის ძაღლის პირველი მსხვერპლი არის სხვა ცხოველი. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ცხოველებს გლეჯენ, რაც ხშირად არ მოდის ჩვენამდე. უსაფრთხოების ნორმები ცხოველის უფლებებს და ინტერესებსაც ემსახურება. ზოგს წარმოუდგენია, რომ ცხოველის და პატრონის კანონიერ ინტერესებს ვზღუდავთ: „აი, რას ჰქვია ალიკაპი“ და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის. მიკვირს, რატომ არის უსაფრთხოების ნორმებზე აზრთა სხვადასხვაობა. უსაფრთხოდ რომ უნდა იყოს ცხოველი და რისკს არ უნდა ქმნიდეს, ეს ხომ ცხადია?! ძაღლი მხოლოდ პატრონის ნებით არ მოქმედებს, პატრონს რაღაც დოზით აქვს ზემოქმედების შესაძლებლობა. იცით, რომ ვარკეთილში პიტბულმა პატრონიც კი დაგლიჯა. ასეთ ძაღლს შეზღუდვა უნდა ჰქონდეს.
- კანონპროექტში გათვალისწინებულია ასაკობრივი ზღვარის დაწესებაც, კერძოდ, ის რომ 16 წლამდე პირს არ შეუძლია აგრესიული ჯიშის ძაღლის სასეირნოდ გაყვანა. რა გამოცდილების ფონზე გაკეთდა აღნიშნული ჩანაწერი და რას შეცვლის აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება?
- რა თქმა უნდა, აგრესიული ჯიშის ძაღლს, რომელსაც 5 სმ-იანი სიგრძის კბილი აქვს, კონტროლის მექანიზმი სჭირდება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მცირეწლოვანიც კი ასეირნებს ასეთი ჯიშის ძაღლს და ვერ იმორჩილებს, გაექცევა ხოლმე, რამდენიმე ადამიანს დაკბენს. ვფიქრობ, ასაკობრივი შეზღუდვა შედეგს გამოიღებს. ხომ არ შეიძლება პოსტფაქტუმ ხდებოდეს რეაგირება? როდესაც დაგლეჯს ადამიანს, შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ცოფი სჭირს თუ არა?! პრევენციული მექანიზმი უნდა იყოს კანონმდებლობაში, ეს რომ არ მოხდეს.
უნდა გაიზარდოს კონტროლის და აღსრულების მექანიზმი, მაგალითად, პოლიციას ჰქონდეს რეაგირების უფლება. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს არ გვყავს თანამშრომლების ის რაოდენობა, რომ მთელი ქალაქი მოვიცვათ და ვაკონტროლოთ. როდესაც კონტროლს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა, ეს შედეგს გამოიღებს. მაგალითად, უნდა გაკონტროლდეს მეპატრონე აგრესიული ჯიშის ძაღლს დღის საათებში თუ ასეირნებს ალიკაპის გარეშე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სტადიონზე...
- რა შეგიძლიათ თქვათ იმ ჯიშის ძაღლებზე, რომლებიც ნუსხაში არ შედიან? მათზეც გავრცელდება რაიმე ტიპის შეზღუდვა?
- რა ზომისაც არ უნდა იყოს არააგრესიული ჯიშის ძაღლი, რისკს არ ქმნის, რომ ვიღაც დაგლიჯოს და ასე შემდეგ. განსაზღვრული იქნება დეკორატიული ჯიშის ძაღლებიც, მათ არანაირი შეზღუდვა არ შეეხებათ. მათი ზომიდან გამომდინარე, მათი დამორჩილება მარტივია. ძირითადი უსაფრთხოების საშუალებებია ალიკაპი, მოკლე საბელი, ან გრძელი საბელი, ასევე ტრანსპორტირებისას მოკლე საბმელი, დამატებით ალიკაპი, ან სპეციალური კონტეინერი. აუცილებელია ეს ინტენსიურად გაკონტროლდეს, რაც შემდეგ შედეგს გამოიღებს.
ასევე, კონკრეტული ტერიტორიები განისაზღვრება, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებს შეზღუდვა ექნებათ, რომ შევიდნენ დღის კონკრეტულ საათებში, ღამის საათებში უფრო შემსუბუქებულია ეს რეჟიმი. ასევე, შეზღუდვა არ ექნება სპეციალურად ცხოველებისთვის გასასეირნებელ სივრცეებს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სადაც კი მოეწყობა მასშტაბური სკვერი, იქ გათვალისწინებული უნდა იყოს ცხოველების გასასეირნებელი სივრცე, შესაბამისად, იქ არ იქნება შეზღუდვა.