„ქართველები საქართველოდან მხოლოდ იმიტომ კი არ მიდიან, რომ სამუშაო ადგილები არ არის, ხშირად უცხოელ მიგრანტებს კონკურენციას ვერ უწევენ“- სტატისტიკის ეროვნული სამსახური
"საქართველოდან იმაზე მეტი ქართველია გასული, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოსალოდნელი შედეგები შემაშფოთებელია", - ასეთია დემოგრაფ ანზორ თოთაძის ვარაუდი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეების რაოდენობამ 99 974 კაცი შეადგინა. ანზორ თოთაძის განმარტებით, ვინაიდან მიგრანტების დიდი ნაწილი ქვეყნიდან არალეგალურად გადის, შეუძლებელია მათი აღრიცხვა. "ვინ იცის, რამდენი კაცი გადავიდა ამერიკაში მექსიკიდან და ბრაზილიიდან", - დასძენს დემოგრაფი და ამბობს, რომ შეუქცევადი მიგრაცია ქვეყანას დემოგრაფიულ საფრთხეს უქმნის...
- მიგრაცია და შობადობის შემცირება არის ის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა უგულებელყოფამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. თუ დემოგრაფიული ტენდენციები ასე გაგრძელდება, შეიძლება უახლოეს 5-6 წელიწადში საქართველოს ყველა რეგიონი, დიდი ქალაქების გარდა, გაუკაცრიელდეს. არადა, ისტორიულად ქართველი კაცი სამშობლოს, განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, ნებით არ ტოვებდა. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კავშირში მცხოვრები ქართველების 98% საქართველოში ცხოვრობდა, სომხეთში - სომხების მხოლოდ 65%, აზერბაიჯანში კი აზერბაიჯანელების 84%.
- რა იყო ამის მიზეზი?
- ტრადიცია და მენტალობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქართველებს ისეთი მრავალწლიანი კულტურული მცენარეების მოყვანის ტრადიცია გვქონდა, როგორიც ვაზია. ვინაიდან ამ კულტურებს მუდმივი მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, ქართველი კაცი მიჯაჭვული იყო თავის მიწას. ამავე პერიოდში ჩვენს რეგიონში სხვა ქვეყნები, ძირითადად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ. ამას გარდა, ქართველებს ყველა სხვა ერის წარმომადგენლისგან გამორჩეული თვისება აქვთ - რაც უნდა კარგად ცხოვრობდნენ უცხო ქვეყანაში, მაინც სამშობლო ენატრებათ და მუდმივად დაბრუნებაზე ფიქრობენ. როგორც წესი, ქართველი ეკონომიკური კეთილდღეობის მოპოვების გამო კერას არ ტოვებდა. ისტორიული და ლიტერატურული წყაროებიდანაც ხომ ვიცით, რომ მხოლოდ ბედუკუღმართობა თუ მოსწყვეტდა ქართველს სამშობლოს და მაშინაც მისი უკანასკნელი სურვილი იყო სამუდამო განსასვენებელი საქართველოს მიწაში ეპოვა.
- შემდეგ რა შეიცვალა ქართველი ხალხის მენტალობაში?
- არაფერი. ქართველი ისევ დამოკიდებულია სამშობლოზე, უბრალოდ, სააკაშვილის მმართველობის დროს ძალიან ცუდი რამ დაემართა ქვეყანას. მართალია, საქართველოში მიგრაციის პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო, მაგრამ ეს შეუქცევადი "ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა. სააკაშვილი თავისი ინსტიტუციების საშუალებით მიზანმიმართულად ცდილობდა ახალგაზრდებში ეროვნული იდეალების ჩაკვლას. განათლების სისტემის განადგურებით, იდეალების ნგრევით, გურამიშვილის, ჭავჭავაძისა და სხვა ავტორიტეტების შეურაცხყოფით დაანგრია ახალგაზრდების ფსიქიკა და მიიყვანა პრიმიტიულ აზროვნებამდე. ძალიან ადვილია იმ ახალგაზრდების მართვა, რომელთა ოჯახი და სამშობლო მაღალ ღირებულებას არ წარმოადგენს და მხოლოდ საშოვარზეა გადაგებული. განაგრძეთ კითხვა