"შორს არ არის დრო, როდესაც აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება" - რას აცხადებს ახრა ავიძბა რუსეთსა და პროქართულ განწყობებზე
"დონბასის გმირის" ახრა ავიძმას მიმართ, აფხაზთა მიერ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული მუქარის შემცველი არაერთი კომენტარისა და განცხადების მიუხედავად, რომ მას აფხაზეთში არ შეუშვებდნენ, ახრა ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნდა და თავისივე ინიციტიავით, ადგილობრივ მედიასაც შეხვდა.
ავიძბას თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო მისი "დაბლოკვა" და ის უკვე "სამშობლოშია" და აპირებს "თავის ხალხს მიმდინარე პროცესების შესახებ სიმართლე უნდა უთხრას."
ekhokavkaza.com-ის ცნობით, "აფხაზი მოხალისეების" მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფების, "პიატნაშკას" ლიდერი, ახრა ავიძბა აფხაზეთში ავტორიტეტით სარგებლობს, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა ასლან ბჟანიას "ხელისუფლებაში მოსვლა", თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ახლა მის აქტივობებს უკვე შიშითაც უყურებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სადაც ის ჩნდება, ყველგან შეიარაღებული დაპირისპირება და კონფლქიტია.დონბასიდან დაბრუნებულმა ავიძბამ ბჟანიას გუნდს "ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ რუსეთთან შეთანხმების გაუქმება მოსთხოვა", წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღებით დაემუქრა.
"რატომ უნდა ვჩუქნიდეთ ვინმეს მიწებს?! ამ შეთანხმების შესახებ დონეცკში შევიტყვე და დაუყოვნებლივ შევკრიბე მებრძოლები, მათი აზრის მოსასმენად. ბაზაზე შევკრიბეთ ყველა, ვინც აფხაზეთიდან იყო, არამხოლოდ აფხაზები, არამედ ეთნიკური სომხები, რუსები და ბერძნები. ეს საკითხი განვიხილეთ და ვუთხარი, რომ მაინტერესებდა მათი აზრი, რათა შემდეგ თქვენამდე მომეტანა და ყველა ამბობს, რომ ამ ტერიტორიების გაჩუქება არ შეიძლება", - განაცხადა ავიძბამ.
მისი თქმით, ახლა მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ და ნათლად ირკვევა, რომ "საკუთარი მიწის თითოეულ მტკაველს გაფრთხილება სჭირდება. მოდით, დავსვათ კითხვა, ჩვენ ვართ საინტერესო ვინმესთვის, თუ ჩვენი მიწა, ვიქნებით კი საინტერესო ვინმესთვის მის გარეშე?!. ვიღაცები გვიმტკიცებენ, მიწას კი არ ვჩუქნით, მხოლოდ შენობას ვასხვისებთ და მას ვერავინ ამოთხრის და ვერსად წაიღებსო, მაგრამ ყველამ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის?!"
ავიძბას თქმით, ბიჭვინთის აგარაკით რუსი ოლიგარქია დაინტერესებულია, თუმცა, მის ვინაობის დასახელებას მოერიდება, რადგან შესაძლოა, პრობლემები შეექმნას.მისივე შეფასებით, მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ აფხაზეთის ხელისუფლების თანამშრომლობა რუს ჩინოვნიკებთან კარგად არასდროს სრულდება.
ახრა ავიძბას თქმით, რუსი მაფიოზები, რომლებიც ამ ბოლო დროს აფხაზეთში ბიზნესის წარმოებით არიან დაინტერესებულნი, ძალიან ჩქარობენ, რომ უძრავ ქონებასა და მიწის ნაკვეთებს დაეპატრონონ, რადგან ფიქრობენ, რომ "აფხაზეთი სულ მალე გახდება რუსეთის ნაწილი და თავისუფალი მიწების დაპატრონება უნდა იჩქარონ."
რუსეთის კრიტიკასთან ერთად, ახრა ავიძბამ ტქვა, რომ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, "შორს არ არის აფხაზეთის რუსეთთან მიერთების საკითხი". იხილეთ სრულად