რატომ ტალახი? - რისი თქმა სურდა დემნას ახალი კოლექციის უჩვეულო წარდგენით (ფოტოები)
პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-მ 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრენდის ქართველი კრეატული დირექტორი, დემნა გვასალია კი კვლავ მოდის ინდუსტრიის და არა მხოლოდ, ყურადღების მთავარი ობიექტი გახდა.
საზოგადოებას თავიდანვე ჰქონდა მოლოდინი, რომ დემნა განსაკუთრებულ შოუს გამართავდა, რომლის შესახებაც დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებდნენ - მისგან ამას მოდის ინდუსტრია შეჩვეულია. დაანონსებული იყო, რომ ეს იქნებოდა "ტალახის შოუ." მიუხედავად ამისა, უმეტესობას ვერც კი წარმოედგინა, რომ Balenciaga პარიზში ტალახითა და გუბეებით სავსე ინტერიერში შეკრებდა მსოფლიოს ყველაზე გლამურულ სახეებს და მოდელებს ტალახში ატარებდა.
თუმცა ეს მოხდა და მოდის სამყარომ ნახა ის, რაც აქამდე არასდროს უნახავთ.
რატომ ტალახი? რისი თქმა სურდა დიზაინერს? - ეს მთავარი კითხვებია, რომლითაც ადამიანები ინტერესდებიან და შოუს მიღმა დამალულ ქვეტექსტებს ეძებენ. შოუმ ნამდვილად მისცა საზოგადოებას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალება.
ქართველების დიდ ნაწილს ახალი კოლექციის ჩვენებამ აფხაზეთიდან დევნილთა გზა, ჭუბერის გადმოლახვა გაახსენა. ბევრისთვის დემნას კოლექციის ჩვენება იმის ხაზგასმა იყო, თუ როგორ ჭაობშია მსოფლიო, რომ გარშემო ყველაფერი მუქ ფერებშია, ომია, სამყარო რთული გამოწვევების წინაშეა, ხოლო ასეთ დროს არიან ადამიანები, რომლებიც მსგავსი საკითხებით არ ინტერესდებიან და ისე იქცევიან, თითქოს გარშემო ცუდი არაფერი ხდება.
რეალურად კი დიზაინერის მთავარი სათქმელი იმ წერილში უნდა ვეძებოთ, რომელიც მან ჩვენებაზე დასასწრებად მიწვეულ სტუმრებს სპეციალურ მოსაწვევთან ერთად გაუგზავნა.“არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცევა, ეტიკეტი. საზოგადოებას, ინტერნეტს, მთლიანად სამყაროს მოსწონს როცა ჩარჩოებშია მოქცეული, რადგანაც ეს უსაფრთხოდ ყოფნის განცდას უჩენთ.
ზოგიერთს სჭირდება სიმამაცის გამოჩენა თავისი იდენტობის დასაცავად, იმის წარმოსაჩენად, თუ ვინ არიან რეალურად. და ყოველი დღე ჰგავს ბრძოლის ველს საკუთარი იდენტობის დასაცავად. რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ იყო ის, ვინც ხარ, უფრო მეტად გხვდება სახეში, მაგრამ ამავდროულად, როგორი შესანიშნავია, იყოთ განსხვავებულები ერთმანეთისგან.
გამოწვევაა, რომ მას შემდეგ რაც გცემენ, გაგანადგურებენ, წამოდგე და წახვიდე ისევ საკუთარი თავისკენ, "მესკენ“, რომელიც ნამდვილად ხარ. მოდაში ქრება ინდივიდუალიზმი და "მომენტის ვარსკვლავები" კარნახობენ მოდას სოციალური ქსელებით, სთორებით", - წერს დემნა. ის ასევე განმარტავს, რომ შოუს მთავარი სათქმელი მეტაფორულად სიმართლის ძიებას ნიშნავს.
დიზიანერის თქმით, ის მომავალში აღარ აპირებს თავისი ნამუშევრები, შემოქმედება სიტყვებით აღწეროს, რადგანაც მოდა ვიზუალური ხელოვნებაა, რომელიც ადამიანებმა უნდა დაინახონ და მათი გადასაწყვეტია, მოეწონებათ თუ - არა.
"ეს შოუ მეტაფორულად სიმართლის ძიებას, საკუთარი იდენტობის პოვნას ნიშნავს, მოგვეცით ნება, მივცეთ უფლება სხვებს, რომ იყონ ის, ვინც უნდათ. დავკავდეთ სიყვარულით და უარი ვუთხრათ ომს", - წერს დემნა.