როგორ ვუმკურნალოთ დაღლილობას? | Allnews.Ge

როგორ ვუმკურნალოთ დაღლილობას?

აღმოჩნდა, რომ დაღლილობა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.

ფიზიკური დაღლილობა - აღინიშნება ავადმყოფობის, გახანგრძლივებული რემონტის შემდეგ. თუმცა ამგვარი დაღლილობა შეიძლება სასიამოვნოც იყოს, მაგალითად, სპორტული დარბაზის, აერობიკის ვარჯიშის ან აუზში 40-წუთიანი ცურვის შემდეგ. კუნთები ოდნავ მტკივნეული და დაჭიმულია და ძილიც გვერევა. ეს „დაღლილობა“ სასარგებლოცაა - კუნთები ტონუსშია, ზედმეტი კალორიები კი დამწვარი. თუმცა სიფრთხილე აქაც საჭიროა. თუ დაღლილობამ რამდენიმე საათში არ გაიარა, ე.ი. ზედმეტი გივარჯიშიათ და საჭიროა აქტივობის უფრო მშვიდი ფორმის მოძებნა, დატვირთვის გონივრულად დოზირება.

ფსიქიკური დაღლილობა - ინტენსიური გონებრივი მუშაობის ან ყურადღების მრავალსაათიანი დაძაბვის შემდეგ დგება. ქაღალდებთან, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, რთული პრობლემების გადაჭრა, მნიშვნელოვანი მოვლენისთვის მზადება, ბევრ ადამიანთან ურთიერთობა და დაძაბული გონებრივი მუშაობა ფიზიკურ დატვირთვაზე ნაკლებად როდი ფიტავს ორგანიზმს. ეს აისახება ნერვული სისტემის მუშაობაზე: ირღვევა ძილი, თვალებქვეშ ჩნდება სილურჯეები, ძნელი ხდება ყურადღების მობილიზება, ადამიანს ყველაფერი აღიზიანებს და ცხოვრებაც მუქ ფერებში ჩანს.

ემოციური დაღლილობა - ფსიქოემოციური სტრესის შედეგია, რომელსაც თან ახლავს განწყობის დაქვეითება, დათრგუნული მდგომარეობა და ჩაკეტილობა. ძლიერი ემოციური რეაქციის, ახლობელი ადამიანის დაკარგვის, საყვარელ ადამიანთან განშორების, უეცარი დაავადების, სტიქიური უბედურების შემდეგ ვგრძნობთ სიცარიელეს და მორალური ძალების სრულ უქონლობას. ხანგრძლივმა ემოციურმა განცდებმა, როდესაც ცხოვრება შეუქცევადად მძიმედ გვეჩვენება, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული მდგომარეობა. დადებითი სტრესი, პირიქით, დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

გვირილა - ჩაი ხსნის დაძაბულობას და მოქმედებს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. 2 ჩაის კოვზ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3 ჭიქა.

ჭინჭარი - შესანიშნავი ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებაა. კარგია თანაბარი პროპორციებით აღებული ჭინჭრის ფოთლების, გვირილის, ფარსმანდუკის მატონიზებელი ჩაი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ, გადავწუროთ და მივიღოთ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ბარამბო - მას ტვინის ქალბატონსაც ეძახიან, რომელიც მელანქოლიას განდევნის და მეხსიერებას აუმჯობესებს. 2 სუფრის კოვზ ხმელ ფოთოლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 15-20 წუთით და დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

ელეუტეროკოკი - ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ცუდი ძილი, უმიზეზო შიში, განწყობის ცვლილება - ელეუტეროკოკის მიღების ჩვენებებია. 1-2 კვირის განმავლობაში ყოველდღე უზმოზე მიიღეთ 10-20 წვეთი ექსტრაქტი 1/3 ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი. ის ეფექტურია ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დაღლილობისას.

ვარდისფერი როდიოლა - 50 გ მცენარეს დაასხით 0,5 ლიტრი 40% სპირტი და 2 კვირა დადგით ბნელ, თბილ ადგილზე. მიიღეთ 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

mkurnali.ge