"ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე იყო... სუსტადაა, უჭირს სიარული" - გიული ალასანია სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უცხოელი ექპერტების ჩამოსვლის გამო იგი იმედიანადაა განწყობილი, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
"ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ იმედიანად ვარ. კიდევ ორი ექსპერტის ჩამოსვლას ველოდებით და ერთი უცხოელი გასტროენტეროლოგის დასკვნას ასევე. ის არ აპირებს ჩამოსვლას, მაგრამ ადგილზე დაწერს თავის ასკვნას. საბოლოო დასკვნა უნდა განიხილოს საქმის მოსამართლემ. ჩემი შვილის საქმეში კითხვის ნიშნებს ბევრი რამ აჩენს. ახლა ყველაზე მეტად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაწუხებს, ის მძიმედაა.
ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მაინცდამაინც კარგი - კარგავს წონას, არის სუსტად, უჭირს სიარული, ურჩევნია წოლა, ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე იყო. დრო გადის, ჩვენ კიდევ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ვაკვირდები შვილს და ის ყოველ დღე კიდევ უფრო მეტად სუსტდება, ამიტომ მინდა, რომ დასკვნები მალე გამოქვეყნდეს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა "ტვ პირველთან".
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დღეს "ვივამედში" უცხოელი ექსპერტი შევიდა. ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელმა სამედიცინო ექსპერტმა ერიკ გოლდსმიტმა სააკაშვილს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარა.