რამდენი ხნით უნდა შევინახოთ პროდუქტები მაცივარში? | Allnews.Ge

რამდენი ხნით უნდა შევინახოთ პროდუქტები მაცივარში?

დღეს უმაცივროდ ცხოვრება წარმოუდგენელია. ის ჩვენი კეთილი დამხმარე, საკუჭნაოსა და სარდაფის შემცვლელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა და როგორ შევინახოთ მასში, რათა საკვებმაც შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები და მაცივარიც მეტხანს გვემსახუროს.საკვების შენახვის ვარიანტებს მაცივრის განყოფილებები გვკარნახობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ძირითადი წესიც:

მაცივარში შენახვისას პროდუქტები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. საკვები მაცივარში ისე უნდა განვათავსოთ, რომ ცივი ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას ხელი არ შეეშალოს. პერგამენტში გახვეული მოხარშული ძეხვის მაცივარში შენახვა შეძენიდან არა უმეტეს ხუთი დღის განმავლობაში შეიძლება. ყველი თხუთმეტ-ჩვიდმეტ დღეს გაძლებს, თუ მოვათავსებთ პოლიეთილენის პაკეტში, რომელსაც შიგნიდან თხლად ექნება წასმული კეფირი ან მაწონი.

ნაღების კარაქსა და მარგარინს ათ დღეზე მეტხანს ნუ შეინახავთ, თუნდაც საყინულეში - დაბალ ტემპერატურაზე იშლება ნაღების ცხიმების სტრუქტურა და, უბრალო ენით რომ ვთქვათ, საკვები უგემურდება. ტენის შემცველი ყველა პროდუქტი ჯერ პოლიეთილენის პაკეტში უნდა ჩავდოთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში. ხუთ დღემდე არ კარგავს თვისებებს მაცივარში ადუღებული რძე, სამ-ოთხ დღემდე კი - ხაჭო და არაჟანი. ბოსტნეულის უმრავლესობა, თუ საღია, მაცივარში რამდენიმე დღე ძლებს.

ამ მხრივ ყველაზე სათუთი ბოსტნეული კიტრია - სამი დღის შემდეგ ჭკნება. მაცივარში ერთხანს ახალი კარტოფილის შენახვაც შეიძლება, მაგრამ სულ ქვედა, ბოსტნეულისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. ამასთან, ჯობს, ქაღალდის რამდენიმე ფენაში გავახვიოთ, რომ არ გაიყინოს. ხახვსა და ნიორს მაცივარში არაფერი ესაქმება. ისინი კარგად ინახება მშრალ სათავსში, კედელზე ჩამოკიდებული ან კალათაში ჩაწყობილი. ახალი ბოსტნეული გაახვიეთ სველ ქაღალდში, ჩააწყვეთ პოლიეთილენის პაკეტში და შეაწყვეთ მაცივარში - ასე შეიძლება ერთ კვირამდეც კი არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები.

mkurnali.ge

myquiz