ქველმოქმედებაზე დახარჯული 95 000 ლარი - რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე | Allnews.Ge

ქველმოქმედებაზე დახარჯული 95 000 ლარი - რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს. მინისტრის თქმით, გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს პირადი განცხადების საფუძველზე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ერთ წელში ხელფასის სახით 140 206 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელძის სახელზეა მხოლოდ ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, ამირან გამყრელიძის მეუღლეს, 2017 წელს მემკვიდრეობით გადაეცა საცხოვრებელი ფართის 50%. საუბარია, თბილისში ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლზე. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის მეუღლე ფლობს 1990 წელს, ერთობლივად აშენებულ 1 200 კვ.მ ფართობის აგარაკს კვესეთში, რაშიც 15000 მანეთი დახარჯა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ამირან გამყრელიძე ფლობდა:

„ბაზის ბანკის“ სახელფასოზე - 2 327 ლარს;

,,თი-ბი-სი ბანკის“ ანაბარზე - 17 246 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 3 568 ლარს და 2 186 აშშ დოლარს;

,,საქართველოს ბანკის“ ანაბარზე - 23 088 აშშ დოლარს, სახელფასოზე - 5 078 ლარს, მიმდინარეზე - 2 702 დოლარს;

"პროკრედიტ ბანკის“ მიმდინარეზე - 1 674 ლარს.

ხოლო, ნაღდი ფულადი თანხის სახით (დანაზოგი) - 15 000 ლარს.

დეკლარაციის მიხედვით, ამირან გამყრელიძეს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში სამეცნიერო მრჩეველის პოსტზე, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით აღებული აქვს - 28 800 ლარი. ამავე პერიოდში, გამყრელიძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან პენსიის სახით 8 849 აშშ დოლარი მიიღო;

ამავე დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელიძემ ქველმოქმედებას/დახმარებაში 95 000 ლარი დახარჯა, მისმა მეუღლემ მარინა კვეზერელმა - 20 000 ლარი. ამასთან, გასულ წელს გამყრელიძემ შვილიშვილების ანაბარზე 3 600 დოლარი გადარიცხა.