"ეს ჩვევა ბავშვის ტვინს კლავს" - რომელი პროდუქტები ეხმარება ან აფერხებს ბავშვის მეხსიერების განვითარებას
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს და ასევე, გამოყოფს იმ საკვებს, რომლებიც ბავშვს მეხსიერებისათვის განსაკუთრებით სჭირდება:
- დღეისათვის დანამდვილებით ვიცით, რომ ადამიანის თავის ტვინის ჯანმრთელობას ცხიმებით უჩვეულო დატვირთვა არ წაადგება. თუმცა, კვების მოდელი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი, ნერვული სისტემისთვის ძალიან საზიანოა. მეორე მხრივ, კი ცხიმოვანი კომპონენტებით უკიდურესი დატვირთვა უარყოფით გავლენას ახდენს, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურად შეცვლილი ცხიმებით.
ზოგა დადაც, ეს მთელი ორგანიზმისთვის საზიანოა, ანთებას, ონკოლოგიურ პროცესებს და რაც მთავარია, უჯრედის დაბერებას უწყობს ხელს, რაც, პირველ რიგში, ჩვენი თავის ტვინის აქტივობაზე აისახება. აღარაფერს ვამბობს სისხლძარღვების მდგომარეობაზე, რომელთა კედლის ცვლილება თავის ტვინის ყველა უჯრედს აუცილებლად დააზარალებს. როდესაც შაქარსა და მარილზე ვლაპარაკობთ, მექანიზმი აქაც იგივეა. თავის ტვინის "დასაპურებლად" გლუკოზა გვჭირდება, რადგან მისთვის ეს საწვავია. თუმცა, გააჩნია როგორ ვაწვდით. რაც უფრო ადვილად შეთვისებადია ეს პროდუქტები, მით უფრო სწრაფად მოიმატებს სისხლში გლუკოზის მაჩვენებელი და შემდეგ ისევ სწრაფად დაეცემა. ხშირ შემთხვევაში, ნორმაზე დაბლაც კი შეიძლება ჩამოვიდეს.
ეს მერყეობა კი თავის ტვინს არ სიამოვნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლში გლუკოზის დონე ხილითა და ბოსტნეულით ვმართოთ და არა ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლებით. მარილთან დაკავშირებით წყლისა და მარილების ცვლა და არტერიული ჰიპერტენზიის რისკია გასათვალისწინებელი, რომელიც მარტო ზრდასრულებსა და ხანდაზმულებს არ აწუხებთ. წნევის მერყეობა შეიძლება წყლის არაადეკვატურ მოხმარებასა და მარილის არასწორ ბალანსთან იყოს დაკავშირებული, რაც საგულისხმოა, რადგანაც ასეთ შემთხვევაშიც ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგების პროცესი ირღვევა.
ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ბავშვი კატეგორიულად არ შეიძლება მას იღებდეს. მივმართავ ოჯახებს, სადაც ჯერ კიდევაა ჩვევა, რომ პატარები მცირე, ტრადიციული სასმელით წაახალისონ, დაამტკიცონ ოჯახთან, ტრადიციებთან თანაზიარობა, ის, რომ უკვე "დიდი კაცია" - ეს არის ძალიან ცუდი ტრადიცია, რომელიც ბავშვის ტვინს კლავს. ალკოჰოლის გავლენით ნერვული უჯრედების ნაწილი კვდება. განაგრძეთ კითხვა