რა უნდა ვიცოდეთ მწერის და ცხოველის ნაკბენის შესახებ | Allnews.Ge

რა უნდა ვიცოდეთ მწერის და ცხოველის ნაკბენის შესახებ

ნაკბენი კბილებით, ნესტრით ან ხორთუმით მიყენებული ჭრილობაა.მწერის ნაკბენმა შეიძლება უკვალოდ გაიაროს, თუმცა ზოგჯერ ძლიერი ალერგიული რეაქციის ან საშიში დაავადების მიზეზიც ხდება. ცხოველებისა თუ გველის ნაკბენი ორგანიზმზე ტრავმულად, მტკივნეულად და ტოქსიკურად ზემოქმედებს. ნაკბენის სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია სახეობაზე, ნაკბენის რაოდენობასა და ტრავმატიზაციის ხარისხზე. ზოგიერთი ნაკბენი შეუმჩნევლად გაივლის, ზოგი კი მნიშვნელოვნად აზარალებს ჯანმრთელობას და შეიძლება ლეტალური შედეგიც კი მოჰყვეს.ნაკბენების სიმპტომების განვითარება ორგანიზმის მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული: ასაკზე, შხამისადმი მგრძნობელობაზე, იმუნურ სისტემაზე, ანამნეზში ტოქსინებთან კონტაქტზე, ვაქცინაციაზე.

სიმპტომები შეიძლება იყოს ადგილობრივი და სისტემური. ადგილობრივი სიმპტომია: ნაკბენის ადგილზე ქსოვილების ტრავმატიზაცია და რეაგირება. ნაკბენის სისტემური სიმპტომები დამოკიდებულია სხეულში ნერწყვით ან აგრესორთან კონტაქტით მოხვედრილი პათოგენური მიკროორგანიზმების ტოქსინებსა და შხამებზე.

სხეულზე ნაკბენის სახეები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ნაკბენი ადგილი კი - მცირე და შეუმჩნეველი წერტილიდან ნაფლეთოვან ჭრილობამდე. ნაკბენის სახეობისა და რეაქციის ხარისხის მიხედვით მკურნალობაც სხვადასხვაგვარია და სასწრაფო რეანიმაციულ მოქმედებებსაც კი შეიძლება მოიცავდეს.

სხვადასხვა სახის ნაკბენისგან დაცვის საუკეთესო საშუალება პროფილაქტიკაა: შესაბამისი სპრეი, ულტრაბგერითი მოწყობილობა, მწერების, ძაღლების, გველების შესაძლო არსებობის ადგილებიდან მორიდება, ტეტანუსის ვაქცინაცია, დახურული ტანსაცმლის ჩაცმა.

პლანეტაზე ასიათასობით სახეობის მწერია. ადამიანს შეიძლება უკბინოს პარაზიტმა, რომელიც სისხლის მწოველი მწერია, მათ შორისაა დროებითი პარაზიტები, რომელთაც შეუძლიათ ადამიანის ან ცხოველის სისხლით კვების გარეშე გაძლონ და თბილსისხლიანებს გამრავლების პროცესისთვის კბენენ. არსებობს მუდმივი პარაზიტები, რომლებიც სისხლს საკვებად მოიხმარენ

პირველ ჯგუფს მიეკუთვნება კოღო, ზოგიერთი სახეობის ბუზი, ბორა. მეორე ჯგუფში შედის ტილი, რწყილი, ბაღლინჯო. არსებობენ შხამიანი მწერები, რომლებიც აგრესიის მცდელობისას, მათი ტერიტორიის საზღვრების გადაკვეთისას იკბინებიან. მწერის კბენა ამ შემთხვევაში გარეგან ზემოქმედებაზე დამცველობითი რეაქციაა. აღნიშნული სახეობები კბენისას ჭრილობაში უშვებენ შხამს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ჭიანჭველა, ფუტკარი, ბზიკი და ა.შ.

მწერების ნაკბენის შედეგები სხვადასხვაგვარია: ტრავმული დაზიანებები, ალერგიული და ტოქსიკური რეაციის ერთობლიობა. ქავილი, რომელიც ნაკბენის ადგილობრივი რეაქციაა, ხშირად იწვევს მეორეული ინფექციის თანდართვასა და ზედაპირის ტრავმირებას. განაგრძეთ კითხვა

myquiz