"თითქმის 2 საათის განმავლობაში ხან მკერდამდე წყალში მივტოპავდით, ხანაც ყელამდე ჭაობში. რამდენჯერმე პატრულის ხმა გავიგონეთ და დავიმალეთ..." -აშშ-ში მექსიკით წასული ქართველის ისტორია
ბოლო პერიოდში მექსიკიდან შეერთებულ შტატებში მიგრანტთა გადასვლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მექსიკაში, ე.წ. გადამყვანები, დიდი თანხის სანაცვლოდ ჰპირდებიან ემიგრანტებს ამერიკაში გადაყვანას, თუმცა გარანტიას ვერ იძლევიან. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველი მოცეკვავის თენგიზ ქობალიას ამბავი იმითაც არის საინტერესო, რომ ის აფხაზეთში, ოჩამჩირეში დაიბადა.
90-იანი წლების ომის გამო მის ოჯახს იქაურობის დატოვებამ მოუწია. ერთხანს ანსამბლ "რუსთავში" ცეკვავდა, შემდეგ მოსკოვში გადავიდა, სადაც ანტიპუტინისტური რეჟიმის გაპროტესტებისთვის ეფ-ეს-ბემ კონტროლზე აიყვანა, რის გამოც იძულებული გახდა პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკისთვის ეთხოვა.
- წლების განმავლობაში რუსეთში ვცხოვრობდი, იქაური მოქალაქეობა მაქვს, ვარ საქართველოს მოქალაქეც. ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი, მაგრამ არა პოლიტიკურად. ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ანსამბლ "რუსთავის" ყოფილი მოცეკვავე ვარ და მოსკოვის რამდენიმე სკოლაში ქართული ხალხური ცეკვების წრეებში ცეკვას ვასწავლიდი, თავადაც ვმონაწილეობდი კონცერტებში. ვმუშაობდი სამშენებლო კომპანიაშიც. როგორც ბევრისთვის, ჩემთვისაც მიუღებელი იყო იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ვაპროტესტებდი კიდეც, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომით პუტინმა თავის თავსაც კი გადააჭარბა. თავიდან მე და ჩემს მეგობრებს გვეგონა, რომ ეს მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა, რუსეთში საპროტესტო ტალღა დაიწყებოდა, მაგრამ სამსახურსა თუ მის გარეთ ამ თემაზე საუბრისას მივხვდი, რომ პუტინს უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგე.
ვცდილობდი ამეხსნა, რომ ძალადობას უჭერენ მხარს, მაგრამ "რკინის არგუმენტს" იშველიებდნენ - არაერთხელ აფრთხილებდნენ უკრაინას, რომ ნატო, ამერიკა იქ არ უნდა შესულიყო, თანაც რუს მოსახლეობას ავიწროებენ, პროდასავლურობას აიძულებენ და პუტინს ხომ უნდა დაეცვაო. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, მხარს ნუ დაუჭერთ ძალადობასო და ეს ტექსტი სოციალური ქსელის ჩემს კედელზე მეც გავაზიარე. სამსახურში ვიყავი, როდესაც რუსული სპეცსამსახურები სახლში მისულან და ჩემი ოჯახის წევრები დაუკითხავთ, ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, რუსეთში ლეგალურად ვცხოვრობ თუ არა... რას ვიფიქრებდი, თუ ეფ-ეს-ბეს ჰქონია ვიდეოჩანაწერი, თუ როგორ ვმონაწილეობთ მე და ჩემი მეუღლე ანტისახელისუფლებო მიტინგებში. მალე სამსახურის ხელმძღვანელობამ დამიბარა და მითხრა, ჯობია შენით დაწერო განცხადება და წახვიდეო. მოკლედ, იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი, მით უმეტეს, მეგობრებთან ვმუშაობდი და მათაც საფრთხეს შევუქმნიდი. ჯო ბაიდენის განცხადება, რომ ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღების რვაწლიან გზას შესთავაზებდა, სტიმული იყო.
- ვიცი, რომ ამერიკამდე ძალიან რთული გზა გაიარეთ...
- დიახ, ბევრნაირი გზა არსებობს: ზოგი მექსიკის გზას ირჩევს, გადამყვანებს ფულს უხდის გზის სირთულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და დიდი რისკის ფასად მექსიკის გავლით ამერიკაში გადადიან. ზოგი 10 ათას დოლარს ითხოვს, ზოგიც 15 ან 20-ს. არის უფრო ნაკლებიც. მე სხვის დაუხმარებლად გადავწყვიტე წასვლა. რუსეთის მოქალაქეობა ერთგვარი რისკი იყო, შეიძლებოდა უკან დავებრუნებინეთ, მაგრამ უნდა გამერისკა.
ომის შემდეგ რუსეთიდან მექსიკაში ავიარეისები დაბლოკეს, ამიტომ კიდევ ორი გზა რჩებოდა - რუსეთიდან თურქეთში და იქიდან მექსიკაში; ან მოსკოვი-დუბაი-ბარსელონა-მეხიკო. მე მეორე გზა ავირჩიე, იქიდან აკაპულკოში გადავფრინდი, შემდეგ კი ტიხუანაში. იქ უამრავი ჩემნაირი ემიგრანტი გავიცანი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, იყვნენ კუბელებიც და მექსიკელებიც. მათი შორის ერთი რუსი გოგო-ბიჭი, რომლებიც რუსეთიდან გამოიქცნენ. სხვათა შორის, უამრავი რუსი წავიდა რუსეთიდან სამუდამოდ, ევროპასა და ამერიკაში გარბოდნენ, ბევრიც საქართველოში მოდიოდა. მოკლედ, იქიდან ამერიკის მოსაზღვრე პატარა ქალაქ მეხიკალეში წავედით. ერთმა გადამყვანმა ორი ადამიანი გადაიყვანა დროის სხვადასხვა შუალედში. ორივეს განსხვავებული ამბის გადატანა მოუხდა - ერთმა კოჭებამდე წყალში იარა, მეორე კი ხიდით 15 წუთში გადავიდა და არავითარი პრობლემა არ შექმნია.
მექსიკური პატრული მუდმივად იცვლის ადგილს და არავინ იცის, სად გადაეყრები. ემიგრანტები და გადამყვანები აკვირდებიან მოძრაობას და იმის მიხედვით უჩვენებენ ფეხით სავალ გზას... მე, ალბათ, იმიტომ, რომ დამოუკიდებლად გადავწყვიტე წასვლა, ყველაზე დიდი ფათერაკი შემემთხვა. იმ ჯგუფს კი გავყევი, ვისაც გადამყვანი ჰყავდა, მაგრამ მაინც შორი გზის გავლამ მოგვიწია. თითქმის ორი საათის განმავლობაში ხან მკერდამდე წყალში მივტოპავდით, ხანაც ყელამდე ჭაობში. ტემპის შენელება არ შეიძლებოდა და გავრბოდით. კუბელებს გადამყვანმა აუხსნა, რომ კედლის გასწვრივ, სულ მარჯვნივ უნდა ევლოთ და ჩვენც ვცდილობდით არ ჩამოვრჩენილიყავით... რამდენიმეჯერ პატრულის ხმა გავიგონეთ და დავიმალეთ... ასე გადავლახეთ არხი, მაგრამ პანიკა არ გვქონდა განელებული, როგორც კი პატრულის ხმას გავიგონებდით, დამალვას ვცდილობდით. არადა, შემდეგ გავარკვიე, რომ არხის იქით მექსიკელი პატრულის უფლებამოსილება არ ვრცელდება. გაგრძელეთ კითხვა