"შემთხვევების მატება გვაქვს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე არსებულ ეპიდვითარებაზე და როგორია მისი პროგნოზი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა იზრდება, რაც ომიკრონის ახალი შტამების, BA.4 და BA.5-ის გავრცელებასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "რუსთავი 2"-თან აცხადებს.
ამასთანავე, მისი პროგნოზით, მომდევნო დღეებში ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს.
"საქართველოში ბოლო სამი კვირაა უკვე მატება გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა, ანუ ვთქვათ თუ 2 კვირის წინ, ერთი კვირის განმავლობაში იყო 400-500 შემთხვევა, 20-დან 26 ივნისამდე ჩვენ გვქონდა 1000-ზე მეტი შემთხვევა ერთი კვირის განმავლობაში. ამ კვირაშიც, წინასწარი მონაცემების მიხედვით - იქნება მატება.
მაგალითად, გუშინ გვქონდა 530 შემთხვევა. პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი სტაბილურია დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად საავადმყოფოებში ხვდება დაახლოებით 15-20-25 ადამიანი. დღევანდელი გათვლებით, 50-60%-ით ქვეყანაში ცირკულირებს BA.4 და BA.5," - აცხადებს გამყრელიძე.