ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ გათბობის ტემპერატურას ორი გრადუსით დავუწევთ, რუსულ გაზს მთლიანად ჩავანაცვლებთ | Allnews.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ გათბობის ტემპერატურას ორი გრადუსით დავუწევთ, რუსულ გაზს მთლიანად ჩავანაცვლებთ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის მოქალაქეებს გათბობის საშუალო ტემპერატურის ორი გრადუსით შემცირებას სთავაზობს, რომ ბლოკმა Nord Stream გაზსადენით რუსულ გაზზე დამოკიდებულება თავიდან აიცილოს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა El Diario-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა გეგმა, REPowerEU, რომელიც ენერგორესურსების დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. გაერთიანება, ასევე, გაზის მიწოდებაზე შეერთებულ შტატებს, ისრაელს, აზერბაიჯანსა და ალჟირს შეუთანხმდა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს თამაშობს და თუ ევროპაში გათბობის ან განიავების ტემპერატურას, საშუალოდ, ორი გრადუსით შეამცირებენ, ევროპა Nord Stream-ის მთლიან მიწოდებას ჩაანაცვლებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისკენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას ასახელებს. მისი თქმით, კლიმატის გარდა, ეს ენერგიის საკუთარი წყაროს გაჩენასაც უწყობს ხელს, რაც ევროკავშირისთვის დამოუკიდებლობასა და ენერგომომარაგების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შედარებისთვის ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მსოფლიოში დღეისთვის დაგეგმილი ენერგოუსაფრთხოების პროექტები, მაგალითად, გერმანიის მთლიან ენერგეტიკულ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებდა.

როგორც ცნობილია, ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდება 40%-ზე მეტად შეამცირა. მოგვიანებით რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების შესახებ განცხადება ჩეხეთმა, ავსტრიამ, იტალიამ და საფრანგეთმაც გააკეთეს. ამასთან დაკავშირებით გერმანია დამატებითი ეკონომიური ზომების შემოღებას აპირებს, ხოლო ჰოლანდიაში ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობაზე შეზღუდვების მოხსნას გეგმავენ.

myquiz