როგორ უნდა მოუაროთ კონდენციონერს, რომ დიდხანს გემსახუროთ? - სპეციალისტის რჩევები მომხმარებლებს | Allnews.Ge

როგორ უნდა მოუაროთ კონდენციონერს, რომ დიდხანს გემსახუროთ? - სპეციალისტის რჩევები მომხმარებლებს

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდენციონერის ყიდვისას და რა უნდა გავითვალისწინოთ ექსპლუატაციის დროს - ამ და სხვა რჩევებს გვაძლევს კონდიციონერების ხელოსანი ბუხუტი ჯიჯელავა.

- ადგილი, სადაც ვაყენებთ კონდენციონერს, სწორად უნდა შეირჩეს და ამასთან ერთად, ელექტროობა უნდა იყოს მოწესრიგებული. ხანდახან უხარისხო დამაგრძელებელს იყენებენ და ეს აისახება კონდენციონერზე, წყობიდან გამოდის. ზოგადად, სჯობს მზიან მხარეს დააყენოთ, იმ ოთახში, სადაც ფანჯრებია და ცხელი ჰაერი შემოდის. ძირითადად, მისაღებ ოთახში ან ლოჯიაში აყენებენ.

- უფანჯრო ოთახში დაყენება შეიძლება?

- კონდენციონერის გარე ბლოკი როგორც წესი, შენობის გარეთ მონტაჟდება, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, დერეფანში გადიოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია სივრცე იყოს.

- კონდენციონერის შესაძენად 500 ლარი თუ ეყოფა ადამიანს?

- მინიმალური ფასი 800 ლარია. ამ ფასის კონდენციონერი ჰყოფნის 30 კვ.მ. ფართობს.

- როცა ამბობენ - კარგი კონდენციონერია, რა უპირატესობა იგულისხმება სხვებთან შედარებით?

- კარგია მაშინ, როცა შერჩეულია შესაბამისად, ე.ი. სწორად არის განსაზღვრული სიმძლავრე ფართობის მიხედვით. „ცუდია“, როცა 80 კვ.მ. ფართობზე დაყენებულია ისეთი კონდენციონერი, რომელიც გათვლილია მხოლოდ ოცი კვადრატულისთვის.

- რა სიმძლავრის კონდენციონერები არსებობს?

- მოსახლეობისთვის 4 ტიპისა გამოიყენება: 30კვ.მ.-ს სჭირდება 9000 BTU სიმძლავრის; 12000 - 40კვ.მ.; 18000 - 60კვ.მ. და 24000 - 80კვ.მ.

- პორტატულ კონდენციონერებზე რას იტყვით?

- ჩვენთან დიდად არ იყენებენ, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ფართზეა გათვალისწინებული - 5 კვ.მ. და არც ფასია მცირე. სამი წლის წინ, დაახლოებით 600 ლარი ღირდა, ახლა მეტი ეღირება.

- გამოძახებაზე მისული ხედავთ, რომ კონდენციონერი არასწორ ადგილზეა დამონტაჟებული, ეუბნებით კლიენტს?

-კი, ზოგი ითვალისწინებს ჩემ რჩევას, ბევრი - არა.

- დიდხანს რომ გვემსახუროს, რა წესები უნდა დავიცვათ?

- აუცილებელია, პირველ რიგში, ფილტრების გაწმენდა, მინიმუმ წელიწადში ორჯერ მაინც. ჩვენ ამას ყოველთვის ვეუბნებით მომხმარებელს, მაგრამ ან ავიწყდებათ ან ყურადღებას არ აქცევენ. ელექტროობის და გაწმენდის პრობლემებია ყველაზე ხშირად კონდენციონერის დაზიანების მიზეზი.

- ფილტრის გაწმენდას ხელოსანი სჭირდება?

- ამას თავადაც შეძლებთ, კონდენციონერს ხუფი ადვილად ეხსნება. ამოიღებთ ფილტრებს, გარეცხავთ, გაამშრალებთ და ჩადებთ. ვინც სახლში ჭურჭელს რეცხავს, ის ფილტრებსაც გარეცხავს. ეს არ არის პრობლემა, ხოლო გარეთა ბლოკის რადიატორის წყლით გაწმენდას შესძლებთ მაშინ, თუ ბინა დაბალ სართულზეა. სიმაღლეზე მუშაობას ხელოსანი სჭირდება, ამისთვის სპეცმანქანას ვიყენებთ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz