ძაღლებზე კონტროლი და მათი მეპატრონეების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი ძაღლმა დაკბინა | Allnews.Ge

ძაღლებზე კონტროლი და მათი მეპატრონეების მიმართ მოთხოვნები მკაცრდება - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ბოლო პერიოდში არაერთმა მშობელმა გამოხატა უკმაყოფილება, რომ მათი შვილები ქუჩის მიუსაფარმა ან ე.წ. "პატრონიანმა" ძაღლმა დაკბინა. ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვებმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღეს. ფაქტების შესახებ მოგვწერეს მშობლებმა ვარკეთილის ტერიტორიიდან და ასევე, თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, მიგვემართა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსათვის და გაგვერკვია, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს და ხომ არ იგეგმება რეულაციის გამკაცრება მსგავსი შემთხვევებისთვის:

"თუ ძაღლმა ადამიანი დაკბინა, მოქალაქეები გვიკავშირდებიან, მათგან ვიღებთ ინფორმაციას, გავესაუბრებით როგორც მეპატრონეს, ასევე, და შავებულს და შემდეგ უკვე ვიწყებთ ძაღლის მოძიებას. თუ ქუჩის მიუსაფარი ძაღლია, ამ შემთხვევაში 10-დღიან დაკვირვებაზე გადაგვყავს, აუცილებელ ინფორმციას ვაწვდით დაშავებულს, რომ უნდა მიმართოს რაბიოლოგს და გაესინჯოს. თუ პატრონიანი ძაღლისგან მოხდა დაკბენა, ამ შემთხვევაში, როცა მეპატრონე ვერ ახერხებს ძაღლზე დაკვირვებას, განცხადების საფუძველზე ჩვენს სამსახურს თავშესაფარში გადაჰყავს და იქ აკვირდებიან." - გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, მზადდება საკანონმდებო ცვლილება, რომელიც იზრუნებს ქუჩის მიუსაფარი ძაღლების უსაფრთხოებაზე და ცხოველთა მეპატრონეებს უფრო მკაცრ მოთხოვნებს დაუწესებს:

"ამ ეტაპზე პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებზე მიმდინარეობს მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, უფრო გამკაცრდება განსაკუთრებით მომატებული რისკის ჯგუფში შემავალი ძაღლების გასეირნების წესი და კიდევ ბევრი სხვა ცვლილებაა დაგეგმილი. ქუჩის ცხოველებთან დაკავშირებით დაჩქარდება კასტრაცია/სტერილიზაციის ტემპი. დედაქალაქში, ჩვენი სამსახური, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6000 ცხოველის სტერილიზაციას უზრუნველყოფს. მაგრამ რეგიონებიდან კვლავ ხდება მიგრაცია, სახლებიდან ცხოველების, პატარა ლეკვების გამოყრა, რაც მიუსაფარი ცხოველების რიცხვის ზრდას იწვევს.

ახლა დაგეგმილია, რომ სტერილიზაცია/კასტრაცია მასშტაბურად, მთელი საქართველოს ფარგლებში დაიწყოს, გამკაცრდეს რეგულაციები ცხოველების სახლიდან გამოყრასთან დაკავშირებით. ასევე, მკაცრდება მიდგომები მომშენებლებთან, ცხოველების ბაზრობებთან, რამაც საბოლოოდ უნდა მოგვცეს ის შედეგი, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რაოდენობა შემცირდეს და მეპატრონეებმა კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, მოუარონ და გასეირნებისას სპეციალური წესები დაიცვან. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცდება. ვარკეთილში, სადაც აღნიშნული ფაქტები დაფიქსირდა, განვათავსეთ საინფორმაციო დაფები, სადაც მოცემულია, რა ვალდებულებები აქვს ძაღლის მეპატრონეს და რა უნდა გაითვალისწინოს გასეირნების დროს.

მსგავსი საინფორმაციო დაფები სტადიონების შესასვლელებთან, სხვადასხვა პარკშიცაა განთავსებული და დეტალური ინფორმაციიაა დატანილი. გარდა ამისა, თბილისის მერიამ ახლად რეაბილიტირებულ პარკებში ცხოველებისთვის სპეციალური, გასასეირნებელი სივრცეებიც მოაწყო და ეს სივრცეები სრულიად უსაფრთხოა", - გვითხრეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz